სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდის გარემოს შეფასების მიხედვით, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემის, ადმინისტრაციის დაკომპლექტების, საარჩევნო დავების რეგულირებისა და არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხები. ISFED-ის შეფასებით, წარმოდგენილი ცვლილებები არ არის საკმარისი საკანონმდებლო ჩარჩოსა და პოლიტიკური გარემოს რეალური გაუმჯობესებისათვის.

"საქართველოს პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო დაფინანსებას საპარლამენტო საქმიანობაში მათ ჩართვას უკავშირებს. არსებული კანონმდებლობის მიხედვით, პარტიას დაფინანსება ეკუთვნის არჩევნებში მიღებული შედეგის შესაბამისად და მისი მიბმა პარტიის მიერ რომელიმე სხვა პირობის შესრულებაზე არათანაზომიერია და პარტიების დაფინანსების საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება", — აცხადებენ სამართლიან არჩევნებში.

მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა, პოლიტიკურმა ძალებმა ამომრჩევლებთან შეხვედრები და აგიტაცია უკვე დაიწყეს. არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამ მხრივ, განსაკუთრებით მმართველი პარტია აქტიურობს, რომელსაც ადმინისტრაციულ რესურსზეც ხელი მიუწვდება.

"ქართული ოცნების კამპანიის მასშტაბზე აშკარად მიუთითებს უკვე დაანონსებული მრავალმილიონიანი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები. ტრადიციისამებრ, ამ პროექტების შესრულება წინასაარჩევნო კამპანიის აქტიურ ფაზას ემთხვევა. პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, მის მიერ დანიშნულ ან მასთან დაკავშირებულ პირთა სამსახურიდან წასვლის ტენდენციამ მასშტაბური სახე მიიღო. ზოგიერთმა პირმა სამსახურიდან იძულებით გათავისუფლების შესახებ საჯაროდ განაცხადა. ეს ტენდეცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა მუნიციპალურ დონეზე, სადაც მმართველმა პარტიამ პოლიტიკურად არასანდო პირების გათავისუფლება დაიწყო", — ვკითხულობთ ISFED-ის განცხადებაში.

სამართლიანი არჩევნების შეფასებით, ამგვარი პრაქტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში საჯარო სამსახური ჯერ კიდევ შორსაა აპარტიულობის სტანდარტის დაცვისაგან.

"მედიაგარემო მრავალფეროვანია, თუმცა პოლარიზების მაღალი ხარისხით გამოირჩევა. საზოგადოებას, დაბალანსებული და მიუკერძოებელი ფაქტების ნაცვლად, ძირითადად, პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებით ნაკარნახევი ინფორმაცია მიეწოდება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, გრძელდება მედიასაშუალებების სახელისუფლებლო და ოპოზიციური დაყოფის ტენდენცია. გამოვლინდა ჟურნალისტების მიმართ მუქარისა და თავდასხმის ფაქტებიც", — ნათქვამია განცხადებაში.

სამართლიანი არჩევნები წინასაარჩევნო პერიოდს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 70 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით, პირველი ივნისიდან აკვირდება. მონიტორინგთან ერთად, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ორგანიზაცია იურიდიულ დახმარებას გაუწევს საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს, რომლებიც იძულებით ჩართეს საარჩევნო პროცესებში ან/და პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. აგრეთვე, მათ, ვისაც სოციალური დახმარება შეუწყვიტეს.

ISFED-ის ცნობით, მათი იურისტები ასეთ პირებს შესთავაზებენ როგორც უფასო იურიდიულ კონსულტაციას, ასევე დახმარებას სასამართლოში საჩივრის წარსადგენად.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები სხვა მსგავსი არჩევნებისგან იმით გამოირჩევა, რომ მისი შედეგები უშუალოდ გასაზღვრავს არა მხოლოდ მუნიციპალური ორგანოების დაკომპლექტებას, არამედ რიგგარეშე საპარლამეტო არჩევების ჩატარების ბედს. იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება პროპორციული წესით ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.