საქართველოს სახალხო დამცველმა BOLT FOOD-ის მხრიდან კურიერების მიმართ განსხვავებული მოსაზრების ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. რეკომენდაციის მიღებას წინ უძღოდა 2021 წლის 16 მარტს კომპანიის მიერ კურიერებისთვის შეტყობინების გაგზავნა ტარიფის შემცირების შესახებ.

სახალხო დამცველს ბოლტის კურიერებმა მიმართეს, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვის მიზნით საპროტესტო აქციის გამართვისა პროფკავშირის შექმნის გამო, კომპანიამ მათთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა — შეუზღუდა აპლიკაციაზე წვდომა.

სახალხო დამცველისთვის წარმოდგენილ პოზიციაში ბოლტი აღნიშნავდა, რომ კომპანიასა და განმცხადებლებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა რეგულირდება არა შრომითი, არამედ საპარტნიორო ხელშეკრულებით. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, პარტნიორი კურიერები პლატფორმიდან დაიბლოკნენ არა პროტესტის გამოხატვის, არამედ ორგანიზებულ აქტივობებში მონაწილეობის გამო, რითიც ხელი შეუშალეს Bolt Food-ის და პარტნიორი რესტორნების საქმიანობას.

წინამდებარე გადაწყვეტილებით სახალხო დამცველს უნდა გამოეკვლია, არსებობდა თუ არა შრომითი ურთიერთობა კომპანიასა და კურიერებს შორის და ამ ურთიერთობის შეწყვეტა კურიერების პროტესტით ხომ არ იყო განპირობებული.

საერთაშორისო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა იურისდიქციის მიერ დადგენილ უახლეს სტანდარტებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ პლატფორმის მეშვეობით მომუშავე პირები, მათ შორის ბოლტის კურიერები, კომპანიასთან არიან შრომით ურთიერთობაში და, შესაბამისად, შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარე, გარანტიებით სარგებლობის უფლება აქვთ.

რაც შეეხება კომპანიის მიერ განმცხადებლებისთვის აპლიკაციაზე წვდომის შეზღუდვას, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას, რისი საფუძველიც კურიერების მიერ გამოხატული პროტესტი გახდა.

აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველმა ბოლტს მიმართა რეკომენდაციით, დაუყოვნებლივ აღუდგეთ განმცხადებლებს აპლიკაციაზე წვდომა; რეკომენდაციით დადგენილი სტანდარტი გავრცელდეს ყველა იმ კურიერის მიმართ, რომელსაც, პროტესტის გამოხატვის გამო, ასევე შეუჩერდა აპლიკაციაზე წვდომა, სურს წვდომის აღდგენა, თუმცა, საქართველოს სახალხო დამცველისთვის არ მოუმართავს; მომავალში არ დაუშვას შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით, მათ შორის, უზრუნველყოს შიდა ორგანიზაციული აქტებისა და პოლიტიკის "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონთან შესაბამისობა.

ხუთი კურიერის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში საია წარმოადგენდა.