ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმიის საჰაერო ძალები აქტიურად განაგრძობს ხელოვნური ინტელექტის განვითარებასა და მის საბრძოლო მოქმედებებში ინტეგრაციაზე მუშაობას.

სიმულაციურ ვარჯიშებზე პილოტები ცდილობენ ადაპტირდნენ ხელოვნური ინტელექტის მიერ მართული მოწყობილობების წინააღმდეგ საბრძოლველად. მათი ნებისმიერი მოძრაობა მყისიერია და გადაწყვეტილებას უფრო სწრაფად იღებენ ვიდრე ადამიანები, შესაბამისად, ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ პილოტებსაც უფრო მეტად განვითარებული რეაქცია სჭირდებათ.

თავისმხრივ, ხელოვნური ინტელექტიც სწავლობს პილოტებისგან. AI-ს ჯერ არ შეუძლია, რომ თავი ნებისმიერი სიტუაციიდან დაიძვრინოს, ამისათვის ადამიანის კრეატიულობა და ცოდნაა საჭირო. სწორედ პილოტების გადაწყვეტილებებს იმახსოვრებს ის და ასე აუმჯობესებს თავის საბრძოლო უნარებს.

გარდა იმისა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებისათვის ხელოვნური ინტელექტის განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, AI-ს განსწავლა პილოტებისთვისაც დიდი საქმეა, რადგან ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება სწორედ იმ საფრენ აპარატებში მოხდება, რომელთა მართვაც მათ მოუწევთ.

ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის ტანდემი ნამდვილად საინტერესო წარმოსადგენი იქნება. თითოეულ ადამიანურ ნაკლს AI შეავსებს, ხოლო ისეთ სიტუაციაში, როდესაც ადამიანის ჩარევა იქნება საჭირო, საქმეს თავის თავზე პილოტი აიღებს.