ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ინფორმაციით, მათთვის 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, მოხეს საჯარო სკოლაში, თეონა ბერიძის მიმართ დისკრიმინაციისა და მისი უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტი არ დადგინდა.

TDI-ის დირექტორის ეკა ჭითანავას თქმით, სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მათ უთხრა, რომ 17-19 იანვარს, სამინისტროს წარმომადგენლებმა გამოკითხეს სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები და მოსმენილი განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დაასკვნეს, რომ მე-12 კლასელი თეონა ბერიძისთვის თავსაფრის მოხსნა არავის მოუთხოვია.

ჭითანავა ამბობს, რომ მასწავლებელმა, ნათელა ნარიმანიშვილმა, TDI-სთან ინტერვიუში ამის საპირისპიროდ, აღნიშნა, რომ დირექტორმა, ნათია რეხვიაშვილმა მას დაავალა ბერიძისთვის ეთქვა, აღარ ეტარებინა თავსაფარი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი გოგონა წინააღმდეგი იქნებოდა, მასთან მიეყვანა.

ორგანიზაციის ინფორმაციით,2016 წლის 22 დეკემბერს, ნარიმანიშვილი ესწრებოდა საუბარს, როცა დირექტორმა თეონა ბერიძეს თავსაფრის ტარებაზე უარის თქმა მოსთხოვა. ნარიმანიშვილმა ასევე დაადასტურა დირექტორის მითითება, თითქოს თავსაფრის ტარება აკრძალულია სკოლის შინაგანაწესით.

"ნათელია, რომ სამინისტროს კომენტარი წინააღმდეგობაში მოდის მთელ რიგ განცხადებებსა და განმარტებებთან, რომლებიც ჩვენ მოვიპოვეთ, მათ შორის, დირექტორსა და ბერიძეს შორის საუბრის ერთადერთი მოწმის ნათქვამთან" - აცხადებს ჭითანავა.

TDI-მ წინა კვირას სამინისტროსგან ოფიციალურად გამოითხოვა დასკვნა.

"როგორც კი წერილობით დოკუმენტს მივიღებთ, მოვახდენთ ამ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას, თავად სამინისტრო ისევ არ რეაგირებს ადეკვატურად საჯარო სკოლებში დისკრიმინაციის კუთხით არსებულ სისტემურ პრობლემებსა და მოსწავლეების უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტებზე" - ამბობენ ორგანიზაციაში.

აღნიშნული ინფორმაცია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა სტატიისთვის მოიპოვა, რომელიც 2 დღის წინ, 28 თებერვალს, გამოქვეყნდა Forum-18-ზე.

27 დეკემბერს, TDI-მ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს ოფიციალურად მიმართა მოხეს საჯარო სკოლაში ბერიძის მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის შესწავლისა და კანონდარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით.