შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თანამშრომლებმა თბილისში მდებარე ლომბარდებში ჩხრეკა ჩაატარეს და დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ჩაბარებული ტექნიკა ამოიღეს.

გამოძიების ინფორმაციით, ლომბარდებში სხვადასხვა სახის ტექნიკას და მობილურ ტელეფონებს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე იბარებდნენ. სამართალდამცველებმა, ლომბარდებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, მობილური ტელეფონები, ტელევიზორები და სხვადასხვა სახის ტექნიკა ამოიღეს.

გამოძიების მსვლელობისას გამოიკითხება ყველა ის პირი, ვისაც რაიმე სახის შეხება გააჩნია ამოღებულ ნივთებთან და დადგინდება ინფორმაცია მათი წარმომავლობისა და მესაკუთრეების შესახებ.

პარალელურად, განხორციელდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

გამოძიება წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-სარგებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).