მიწებებული ხელოვნური წამწამებისა და მიხატული წარბების სამყაროში თვალის გარშემო არსებული თმა პერსონალური სტილის და თვითგამოხატვის მნიშვნელოვან გზად იქცა. თუმცა, წარბები და წამწამები, ბიოლოგიურად, დეკორაციულ ფუნქციაზე გაცილებით მეტია.

რატომ გვაქვს ადამიანებს წარბები და წამწამები? ძირითადად, ორივე მათგანის მიზანი თვალების დაცვაა და ამაზე ამერიკის ოფთალმოლოგიის აკადემიის წარმომადგენელი — დოქტორი სტეფანიე მარიონეაუქსი მიუთითებს. "მათი მიზანია იყვნენ შრე თვალების თხევადი თუ მყარი დამაზიანებლებისგან, მტვრისგან თუ მწერებისგან დასაცავად", — ამბობს ის.

მისივე თქმით, წარბები არ აძლევენ ოფლს, ქერტლს ან წვიმას საშუალებას შუბლს ქვემოთ ჩამოვიდნენ და თვალში მოხვდნენ. ისინი აჩერებენ, ან მიმართულებას უცვლიან მსგავს პოტენციურ დამაზიანებლებს ან უფრო ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც მხედველობაში ხელს დროებით მაინც შეგვიშლიან. ესეც რომ არა, წარბები სხვა ფუნქციებსაც ითავსებენ. მაგალითად, ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კომუნიკაციის პროცესში, სახის გამომეტყველებისა და ემოციების გამოსახატად. შესაძლოა, წარბები ადამიანებს იმისთვის ჩამოგვიყალიბდა, რომ მათი დახმარებით ემოციის გადმოცემა უფრო დახვეწილად შევძლოთ, ნათქვამია ჟურნალ Nature Ecology & Evolution-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.

წამწამებიც იცავს თვალებს, თუმცა, ამას სხვა გზით აკეთებს და ამას ჩვენ დახამხამებას ვეძახით. როგორც კი წამწამს რამე შეეხება, ეს იწვევს დახამხამების რეაქციას და ეს თვალის დაცვისთვის მნიშვნელოვანი მექანიზმია. წამწამების გარეშე დახამხამების რეაქციის გამოწვევას მეტი დრო დასჭირდებოდა, რადგან მოახლოებული საფრთხის კვალდაკვალ, თვალების დასახუჭად ამ საფრთხის შემჩნევა, უფრო კი პირდაპირ დანახვა იქნებოდა საჭირო. რაც ნიშნავს, რომ თვალის დაზიანებისგან დაცვას შემთხვევათა მნიშვნელოვან უმეტესობაში, წამწამების გარეშე ვერც შევძლებდით.

გარდა ამისა, წამწამებს შეუძლით შეაჩერონ თვალის თხევადი თუ მტვრისგან შემდგარი გამაღიზიანებლები. ასევე, როგორც Journal of the Royal Society Interface-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული, ისინი თვალებს ტენიანობის შენარჩუნებაში ეხმარებიან.

ზოგიერთმა მდგომარეობამ შეიძლება წარბების ან წამწამების დაცვენა გამოიწვიოს. ასეთი მდგომარეობაა მაგალითად ალოპეცია, რომელსაც შეუძლია როგორც წარბების, ასევე წამწამების დაცვენა გამოიწვიოს. ეს ზოგჯერ გაურკვეველი მიზეზებითაც ხდება, ან შფოთვის თანმდევად, თმის ამოქნის გამძაფრებული სურვილისას ადამიანმა თვითონვე მოიცილოს ისინი. ასევე, ტრიქოტილომანიის მქონე პაციენტებში, როცა ადამიანს თმის ამოგლეჯის დაუოკებელი სურვილი აქვს.

ყოველდღიურად წამწამებისა თუ წარბებისთვის ადამიანები უამრავ კოსმეტიკურ საშუალებას მოვიხმართ. მათ შორის, მათ შეღებვასაც არ ვერიდებით, რაც ექსპერტების თქმით, არც ისე უსაფრთხო პრაქტიკაა. მათი ვიზუალური მოვლის მიღმა, არ უნდა დავივიწყოთ ის ბიოლოგიური ფუნქციები, რომლებიც წარბებსა და წამწამებს აქვთ — ისინი ჩვენს თვალებს იცავენ და ჩვენც უნდა დავიცვათ ისინი.