The Devil Wears Prada-ს გამოსვლიდან 15 წელი გავიდა. ალბათ, შეუძლებელია არსებობდეს მაყურებელი, რომელმაც ფილმი ნახა და მერილ სტრიპის საოცარი შესრულებით არ აღფრთოვანებულა. მოდის შესახებ შექმნილ კომედიურ ფილმზე მუშაობა, რომლის ყველაზე დასამახსოვრებელ პერსონაჟს — მირანდა პრისტლის თავად მერილ სტრიპი განასახიერებდა, ერთი შეხედვით, ძალიან სახალისო უნდა ყოფილიყო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მსახიობს ფილმთან არც ისე სასიამოვნო მოგონებები აკავშირებს. ჟურნალ Entertainment Weekly-ისთან ინტერვიუში მერილ სტრიპმა აღნიშნა, რომ ფილმის გადაღებისას დეპრესიაში იყო.

ფოტო: Brigitte Lacombe / 20th Century Studios

მსახიობის თქმით, თავდაჯერებული, შეუპოვარი და მკაცრი მირანდა პრისტლის როლის მოსარგებად სპეციალური სამსახიობო ტექნიკა, ე.წ. Method Acting გამოიყენა, რომელიც მსახიობის მიერ პერსონაჟის მდგომარეობასა და ცხოვრებაში ერგვარ შეჭრას გულისხმობს. ამ დროს მსახიობი ცდილობს, პერსონაჟის გამოცდილებები, პროფესია, ხასიათი, მენტალური და ფიზიკური მდგომარეობა ბოლომდე გაითავისოს. მსახიობები აღნიშნულ ტექნიკას დამაჯერებელი პერსონაჟების შექმნის მიზნით მიმართავენ. სწორედ ასე მოიქცა მერილ სტრიპიც, თუმცა აღნიშნული გამოცდილება მისთვის საკმაოდ უსიამოვნო აღმოჩნდა.

"საშინელება იყო! ჩემს ვაგონში განადგურებული ვიჯექი. მესმოდა, როგორ ერთობოდნენ და იცინოდნენ სხვები. დეპრესიაში ვიყავი. ეს იყო საფასური, რომელიც ფილმში უფროსად ყოფნისთვის უნდა გადამეხადა", — ამბობს მერილ სტრიპი.

ფოტო: Brigitte Lacombe / 20th Century Studios

მეორე მხრივ, მერილ სტრიპის კოლეგებისთვის, ენ ჰეთეუეისა და ემილი ბლანტისთვის მერილთან ერთად მუშაობა გარდამტეხი გამოცდილება აღმოჩნდა. თუმცა ემილი ბლანტის თქმით, ფილმზე მუშაობისას დარწმუნებული არ იყო, რომ მერილ სტრიპი თავს კარგად გრძნობდა.

როგორც აღმოჩნდა, ემილი ბლანტი ნამდვილად არ შემცდარა. მერილ სტრიპის თქმით, გამოცდილება იმდენად მძიმე იყო, რომ ამის შემდეგ მსახიობს აღნიშნული სამსახიობო ტექნიკისთვის აღარასდროს მიუმართავს.