სრულად ვაქცინირებულებს, შესაძლოა, ფასდაკლებები ჰქონდეთ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით განიხილავენ ბიზნესთან თანამშრომლობას, რომ ეს წამახალისებელი ღონისძიებები ე.წ. მწვანე საშვიანებისთვის ამოქმედდეს.

"განიხილება წამახალისებელი ღონისძიებები და ის პაკეტი, რომელიც ჩვენ შეიძლება შევთავაზოთ სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას. აქაც მნიშვნელოვანია კორპორატიული პასუხისმგებლობა და დასაქმებულების წახალისება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის. ასევე, განვიხილავთ სავალდებულო ტესიტრების რეჟიმის მოდიფიცირებას, ანუ სავალდებულო ტესტირების რეჟიმს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ვაქციანციის პროცესი და ვაქცინირებული პირისთვის სავალდებულო ტესტირებაში მონაწილეობა აღარ იქნება საჭირო", — განაცხადა მან.

გაბუნიას განცხადებით, ჯერჯერობით, კომპანიებისგან თავად ელოდებიან ინიციატივას და ეს სხვა ქვეყნებში გამოყენებული პრაქტიკის მაგალითია.

"ეს არის, ჯერჯერობით, იდეის დონეზე. ველოდებით, რომ მათგან [კომპანიებისგან] წამოვა ეს ინიციატივა, მაგრამ ეს არის საილუსტრაციო მაგალითები, რაც სხვა ქვეყნებმა გამოიყენეს და აქ კერძო სექტორის ინიციატივა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია", — აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ორჯერ ვაქცინირებულებისთვის სხვა ტიპის შეზღუდვების მოხსნა, ჯერჯრეობით, ადრეა, რადგან რისკების გადაზღვევის მიზნით, მანამდე სრულად ვაქცინირებული ადამიანების გარკვეული ჯგუფები უნდა შეიქმნას.