მაისში საარსებო მინიმუმი წლიურად 16 ლარით გაიზარდა და "შრომისუნარიანი მამაკაცის" არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობა 205,6 ლარით განისაზღვრა — ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.

კვლევაში, ასევე, აღნიშნულია, რომ მაისის თვეში "საშუალო მომხმარებლის" საარსებო მინიმუმი წლიურად 14,2 ლარით გაიზარდა და 182,1 ლარი შეადგინა.

საარსებო მინიმუმის ამგვარი ზრდა, სავარაუდოდ, მაისის თვის მაღალ ინფლაციას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ მაისში ფასების ზრდის ბოლო 10 წლის მაქსიმალური მაჩვენებელი, 7,7% დაფიქსირდა. ამასთან, მაისში წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა ტრანსპორტის, კომუნალურებისა და სურსათს ჯგუფებში ფასების ზრდამ მოახდინა.

რაც შეეხება მაისის თვის საარსებო მინიმუმის მიმდინარე წლის აპრილის მაჩვენებელთან შედარებას, მაისში, წინა თვესთან შედარებით, არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობა "შრომისუნარიანი მამაკაცისთვის" 2,8 ლარით, ხოლო "საშუალო მომხმარებლისთვის" 2,5 ლარით არის გაზრდილი.

საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს 2004 წლიდან იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ანგარიშობს, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

მინიმალური სასურსათო კალათა 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს. საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების წილი 70%-ით, ხოლო არასასურსათო ხარჯების წილი 30%-ით განისაზღვრება.