მთავრობას კოვიდშეზღუდვების ერთპიროვნულად დაწესების უფლება 2022 წლის 1 იანვრამდე გაუხანგრძლივდება. პარლამენტში უკვე ინიცირებულია სათანადო ცვლილების პროექტი, რომლის თანახმად, მთავრობას პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო დროებითი ღონისძიებების გასატარებლად მინიჭებული უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთხელ გაუგრძელდება.

პროექტის ავტორები და ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, ვლადიმერ კახაძე, ზაალ მიქელაძე, ანტონ ობოლაშვილი, ზაზა ლომინაძე, ირმა ზავრადაშვილი, დავით სერგეენკო.

როგორც ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი, ვადის გახანგრძლივების შესახებ პარლამენტი დაჩქარებული წესით იმსჯელებს.

მთავრობისთვის შეზღუდვების ერთპიროვნულად დაწესების უფლება უკვე მეორედ უხანგრძლივდება. ეს უფლება პარლამენტმა მთავრობას 2020 წლის მაისის ბოლოს მიანიჭა. 2020 წლის დეკემბერში უფლებამოსილება 6 თვით გაუხანგრძლივა, რაც 1 ივლისს იწურება.

ბიუროს სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ, განაცხადა, რომ პარლამენტი ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას იღებს, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტი მთავრობას ასეთ დისკრეციას არ უნდა ანიჭებდეს.

"ერთხელ მოჰკითხეთ ხელისუფლებას, ეს დისკრეცია რისთვის და როგორ გამოიყენა და ხალხს რა შედეგი მოუტანა?" — მიმართ დეკანოიძემ ბიუროს, თუმცა, პასუხად მიიღო, რომ ბიუროზე მხოლოდ საორგანიზაციო საკითხებს განიხილავენ და არსებითი მსჯელობის საშუალება საკომიტიტეო და სასესიო განხილვაზე იქნება.

2020 წლის მაისში მიღებული კანონი მთავრობას უფლებამოსილებას ანიჭებს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოტივით საკარანტინო ზომები პარლამენტის თანხმობის გარეშე გამოიყენოს, რასაც რიგი საკონსტიტუციო უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, შეკრების თავისუფლების, გადაადგილების თავისუფლების, საკუთრების, ეკონომიკური და შრობითი უფლებების შეზღუდვები მოჰყვება.

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის ეს გადაწყვეტილება ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის კრიტიკის საგანი გახდა, რადგან ანტიკონსტიტუციურად მიიჩნიეს, დღემდე ძალაშია და პარლამენტი მთავრობას უფლებას კვლავ უგრძელებს.