ქართველი მეცო-სოპრანო ნატალია ქუთათელაძე BBC Cardiff Singer of the World-ის ფინალისტია. BBC Cardiff Singer of the World ოპერის მომღერლებისთვის მუსიკალური კონკურსია, რომელიც 1983 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

კონკურსში გამარჯვებისთვის 16 მონაწილე იბრძვის. მათ აქამდე მოსაღწევად 3-ეტაპიანი ვირტუალური შესარჩევი კონკურსი გაიარეს და მთავარი პრიზისთვის დაძაბულ ბრძოლას აგრძელებენ. ფინალში, რომელიც კარდიფში გაიმართება, ერთმანეთს 5 ოპერის მომღერალი შეხვდება. მთავარი პრიზის მფლობელისთვის ფულადი ჯილდო £20 000-ია.

პირველ რაუნდში ერთმანეთს ოთხი მონაწილე დაუპირისპირდა, ფინალისტი კი ნატალია ქუთათელაძე გახდა. ნატალიამ მონღოლეთის, ვენესუელისა და ჩინეთის წარმომადგენლები დაამარცხა. ნატალიას შესრულებამ ჟიურისა და უცხოელი მსმენელების აღტაცება დაიმსახურა.

29 წლის მეცო-სოპრანოს განათლება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და ნიუ-იორკის ჯულიარდის სკოლაში აქვს მიღებული. ნატალია ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი და ეკა მამალაძის შვილია.

"ცოტა შოკირებული ვარ, მაგრამ — მადლიერი. ვამაყობ აქ მყოფი თითოეული ადამიანით, რადგან მათ უდიდესი საქმე გააკეთეს. ამ კონკურსის მიერ შექმნილი ატმოსფეროს მადლიერი ვარ. ვგრძნობ უდიდეს მხარდაჭერას, თუნდაც ასეთი მცირერიცხოვანი აუდიტორიისგან... დიდი მადლობა. დიდი მადლობა ჩემს საოცარ კოლეგებს!", — ამბობს ნატალია.

აღსანიშნავია, რომ კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, კონცერტებს მსმენელთა აუდიტორია არ ესწრება.