ვინმეს თუ ნიკოლ კიდმანის სამსახიობო ოსტატობაში ეჭვი ეპარებოდა და სათანადოდ ვერ აფასებდა, ისინიც კი მოიხიბლნენ საყოველთაოდ აღიარებულ სერიალში Big Little Lies (დიდი პატარა ტყუილები) მისი შესრულებით.

როგორც ჩანს, ნიკოლ კიდმანი კვლავ აპირებს ჩვენს გაოცებას და სულ მალე მას ისევ ვიხილავთ ზემოთ ხსენებული შოუს შემქმნელების ახალ სერიალში: დევიდ კელიმ გადაიღო Nine Perfect Strangers (ცხრა უნაკლო უცნობი), რომელიც დიდი პატარა ტყუილების ავტორის, ლიან მორიარტის ამავე სახელწოდების მქონე კიდევ ერთი ბესტსელერი რომანის ეკრანიზაცია იქნება.

Hulu-მ ცოტა ხნის წინ ამ ახალი სერიალის პირველი ოფიციალური ტრეილერი გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ნიკოლ კიდმანი ამჯერად რადიკალურად განსხვავებულ პერსონაჟს ასახიერებს:

Nine Perfect Strangers-ის (ცხრა უნაკლო უცნობი) სიუჟეტი სპეციალურ დაწესებულებაში განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს, სადაც საშუალო კლასის წარმომადგენლები გამაჯანსაღებელი პროცედურების მისაღებად და სტრესის მოსახსნელად შეიკრიბებიან. თუმცა ერთი შეხედვით ამ "უნაკლო" უცნობებს წარმოდგენაც არ აქვთ, თუ რას უმზადებს სინამდვილეში მათ იქაურობის ხელმძღვანელი, სახელად მაშა (ნიკოლ კიდმანის პერსონაჟი).

სერიალში სულ რვა ეპიზოდი იქნება და მასში ნიკოლ კიდმანთან ერთად სხვა ისეთი ცნობილი მსახიობებიც იღებენ მონაწილეობას, როგორებიც მელისა მაკარტი, მაიკლ შენონი, ლუკ ევანსი და რეჯინა ჰოლი არიან.

სერიალის პრემიერა 18 აგვისტოსაა დაგეგმილი.