პროკურატურის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონის საქმის მოწმეზე მუქარის გამო ბიძას ბრალი წაუყენეს და პატიმრობას მოითხოვენ. უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალდებული მოწმეს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩ.გ. 2021 წლის 11 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა.

გამოძიების დაწყების საფუძველი გ.ჩ.-ს ადვოკატის განცხადება გახდა, რომლის თანახმად, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში, მოწმის სახით გამოკითხულ პირს - გ.ჩ.-ს სიცოცხლის მოსპობით საკუთარი ბიძა - ჩ.გ. ემუქრებოდა. აღნიშნული განცხადებით მომართვისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რა დროსაც გამოიკითხა გ.ჩ., რომელმაც გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია ბიძის ჩ.გ.-ს მიერ მის მიმართ განხორციელებული მუქარის, კერძოდ, სიცოცხლის მოსპობის თაობაზე. ასევე, გამოიკითხა გ.ჩ.-ს მეუღლე", — წერია უწყების განცხადებაში.

მათივე განცხადებით, მოწმე დაზარალებულად ცნეს და შესთავაზეს მისი და ოჯახის წევრების თავშესაფარში გადაყვანა.

ინფორმაცია მოწმეზე ზემოქმედების შესახებ 11 ივნისს პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელმა, ანა აბაშიძემ გაასაჯაროა. როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ გამოძიებაც ამ დღეს დაიწყო, თუმცა მაინც აკრიტიკებენ ინფორმაციის გასაჯაროებას და გამოძიებაში ხელის შეშლად აფასებენ.

"პროკურატურა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ დრომდე თავს იკავებდა აღნიშნული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კომენტირებისგან. ამასთან, ადვოკატი და დაზარალებული გ.ჩ. ითხოვდნენ საგამოძიებო მოქმედებების კონფიდენციალურად ჩატარებას იმ მიზეზით, რომ მოწმის მიმართ მუქარა ხორციელდებოდა უშუალოდ ოჯახის წევრის მხრიდან და საფრთხე იყო რეალური. მიუხედავად დაზარალებულის სურვილისა, გარკვეული არასამთავრობო ორგანიზების წარმომადგენლების მხრიდან მოხდა აღნიშნული ფაქტის გახმაურება, რაც მიგვაჩნია, რომ აზიანებს დაზარალებულის ინტერესებს და ხელს უშლის გამოძიების ეფექტიანად წარმართვას", — წერია მათ განცხადებაში.