იღბალი რომ ნამდვილად არსებობს და ადამიანებზე არათანაბრადაა განაწილებული, ამაში 56 წლის ამერიკელი მეთევზე, მაიკლ პეკარდი დაგარწმუნებთ.

პეკარდი, რომელიც მასაჩუსეტსის შტატში ცხოვრობს, კეიპ კოდის კონცხის წყლებში მოცურავე კუზა ვეშაპმა 11 ივნისის დილას გადაყლაპა. გიგანტური არსების პირში გატარებული ნახევარი წუთის შემდეგ ვეშაპმა პეკარდი უკანვე ამოანთხია.

"უეცრად, ძლიერი დარტყმა ვიგრძენი და თვალთ დამიბნელდა", — იხსენებს მეთევზე.

მისი თქმით, ეგონა, რომ თავს ზვიგენი დაესხა, რომელიც კონცხის წყლებში იშვიათობას არ წარმოადგენს, ამიტომ, საკუთარი თავი ცოცხლებიდან ამოშალა. თუმცა, მალევე მიხვდა, რომ არც ბასრი კბილები ჩაესო და, საერთოდ, არც არანაირ ტკივილს გრძნობდა.

"მერე, გავიაზრე, რომ ვეშაპის პირში ვიყავი... და ის ჩემს გადმოპურჭყებას ცდილობდა", — ამბობს იგი და დასძენს, რომ ამ დროს თავის შვილებსა და ცოლზე ფიქრობდა, — "ჰოდა, ჩემს თავს ვუთხარი, 'მორჩა, ყველაფერი დამთავრდა, ბოლოს და ბოლოს, მეც მოვკვდები-მეთქი'".

თუმცა, სიკვდილი რომ "არ ეწერა", ამაზე თან აკვალანგის ქონაც მიუთითებს.

ფოტო: Giphy

ბოლოს, ვეშაპმა ამოყვინთა, თავი გაიქნია და პეკარდი შორს მოისროლა. საბედნიეროდ, მეთევზეს იქვე დახვდა თავისი მეგობარი ნავით, რომელმაც ის სანაპირომდე გამოიყვანა.

მაიკლის დამ, სინთია პეკარდმა, ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ თავისმა ძმამ ფეხი მოიტეხა, თუმცა, მოგვიანებით, მეთევზემ აღნიშნა, რომ ფეხები მხოლოდ დაჟეჟილი ჰქონდა.

მეცნიერების თქმით, ასეთი "იღბლიანობის" შემთხვევები მეტად იშვიათია. თანაც, კუზა ვეშაპები სულაც არ არიან აგრესიულები. ცხოველმა პეკარდი, სავარაუდოდ, პატარა თევზებით წახემსებისას შემთხვევით გადაყლაპა.