ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელი, სხალთელი მიტროპოლიტი სპირიდონი სახალხო დამცველს ისევ სიძულვილის ენითა და ჰომოფობიური ტერმინებით აფასებს. ფეისბუქზე მან განცხადება გაავრცელა, სადაც გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელსაც იმავე ფორმითა და ჰომოფობიური ტერმინებით მოიხსენიებს.

სპირიდონი ნინო ლომჯრიას "სახალხო გამხრწნელს" უწოდებს და ავრცელებს კონსპირაციას, თითქოს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოს აძალებს ნინოწმიდის პანსიონატში დაუყოვნებლივ შეუშვან ლომჯარია, "ახალგაზრდობის გარსაყვნელად". ორივე მათგანს სპირიდონი ჰომფოობიური ნიშნით უწოდებს "სატანის მსახურებს" და "სოდომისტ-ჰომოსექსუალებს".

11 ივნისს UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელმა, ანნა ჩერნიშოვამ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის ფუნქციის შესრულებისთვის საფრთხის შექმნა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიას და ზღუდავს მას. მან მოუწოდა აქედან მთავრობას, პარლამენტს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებს დაუჭირონ მხარი სახალხო დამცველს მისი ფუნქციების განხორციელებაში და ასევე დაუყოვნებლივ მოხდეს მისი შეშვება ნინოწმინდის პანსიონში.

რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში

15 აპრილს სახალხო დამცველის წარმომადგენელი საპატრიარქოს ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა. განმარტება გააკეთა თავად სპირიდონმაც და ჰომოფობიური და ცრუ მიზეზი დაასახელა — მისი თქმით, პანსიონში ომბუდსმენის წარმომადგენლებს იმიტომ არ უშვებს, რომ "ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვენ და ასეთებს თავის ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მისცემს".

ამის შემდეგ ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მთავრობისგან ნინოწმინდის პანსიონში ყველა შესაბამისი უწყების მიერ მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა მოითხოვა. სასამართლოს ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა დააკმაყოფილა გაერომ და შესაბამისად, მთავრობა ვალდებულია, უზრუნველყოს მონიტორინგი.

მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველს პანსიონში შესვლის საშუალება ამ დრომდე არ ეძლევა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში კი 4 ივნისს განაცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც ბავშვთა ზრუნვის სამსახურს შესაძლებლობა მიეცა შესულიყო პანსიონში და თავისი საქმიანობა განეხორციელებინა, 6-მა ბავშვმა დაწესებულება დატოვა, ხოლო ათთან მუშაობა მიმდინარეობს. ამას მოჰყვა პანსიონის დირექტორის, მეუფე სპირიდონის ფსიქოლოგიური ძალადობა იმ ბავშვებზე, რომლებმაც წასვლის სურვილი გამოთქვეს. სასულიერო პირმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბავშვებს ეკითხება, ნამდვილად უნდათ თუ არა წასვლა პანსიონიდან და პარალელურად, ესაუბრება მათ მშობლებს. ვიდეოში ჩანს ბავშვის ტირილი, რამდენიმე მოზარდის სახე, ასევე, სპირიდონი ამბობს მათ სახელებს. ამ ყველაფერს ესწრებიან, სავარაუდოდ, სოციალური მუშაკები, რომლებსაც, ვიდეოს მიხედვით, ფაქტზე რეაგირება არ აქვთ.

პანსიონში არ უშვებენ მედიასაც, თუმცა გამონაკლისი აღმოჩნდა პრორუსული Alt-info და TV ობიექტივი, რომელთა სიუჟეტები ეკლესიის დადებითად წარმოჩენას ისახავს მიზნად და ჟურნალისტი პანსიონში "იდეალური პირობების" არსებობას ამტკიცებს.

ნინოწმინდის პანსიონში არსებულ პრობლემებზე სახალხო დამცველი წლებია საუბრობს, მათ შორის, ძალადობაზე და დასჯის შემთხვევებზე. ის, რომ სავარაუდო ძალადობაზე საპატრიარქოს და შესაბამის უწყებებს ინფორმაცია ჰქონდათ, შსს-ს განცხადებითაც დასტურდება. კერძოდ, უწყება ამბობს, რომ 2016 წლიდან დღემდე პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე 5 საქმე აღიძრა — 4 ძალადობაზე და 1 სავარაუდო გაუპატიურებაზე.

1 საქმე მედიაში ბენეფიციარის მიერ ძალადობაზე ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ აღიძრა, თუმცა მანამდე მიმდინარე 4 გამოძიების შედეგი ჯერ დამდგარი არ არის. შსს მიზეზად მტკიცებულებების ნაკლებობას ასახელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ავრცელებს.

ანა არგანაშვილის განმარტებით, კანონის მიხედვით მათი ორგანიზაცია არის სპეციალური მოსარჩელე შშმ ბავშვებისთვის და სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილება მათთან დაკავშირებით იქნა მიღებული. თუმცა, მისივე თქმით, მთელი გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ იქ საფრთხე ყველა ბავშვისთვისაა, ყველა ბავშვის სიცოცხლე შეიძლება იყოს საფრთხეში და ეს ტექნიკური დეტალი მხოლოდ სამართლებრივი ტექნიკაა.

საპატრიარქოში განაცხადეს, რომ გაასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ.