18 წლის დარნელა ფრეიზერს, რომელმაც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის კადრები საკუთარი მობილურით გადაიღო, პულიცერის პრემიის სპეციალური ჯილდო გადაეცა.

"მისი გაბედული ნაბიჯისთვის, გადაეღო ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა — ვიდეო, რომელმაც პოლიციის სისასტიკის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო მუხტი მთელ მსოფლიოში გააღვივა და ხაზი გაუსვა, ჟურნალისტებთან ერთად, რამდენად მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჩართულობა სიმართლისა და სამართლის ძიების პროცესში", — ამგვარად შეაფასა კომისიამ ფრეიზერისთვის პრიზის გადაცემის მოტივი.

გასული წლის მაისში გადაღებულ ვიდეოში ჩანდა, როგორ დააკავა შავკანიანი მოქალაქე პოლიციის ოფიცერმა დერეკ შოვინმა. შოვინს ფლოიდი რამდენიმე წუთის განმავლობაში კისერზე მუხლის დადებით ჰყავდა მიწაზე მიბჯენილი, რამაც, როგორც ამას საქმის მასალები მოწმობს, დაკავებულის სიკვდილი გამოიწვია. აპრილის თვეში შოვინი ნაფიცმსაჯულთა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

ფოტო: NowThis News / YouTube

სასამართლო პროცესებს ესწრებოდა ფრეიზერიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ნანახმა მისთვის ტრავმული შედეგები გამოიღო.

"ღამეების განმავლობაში არ მეძინა და ჯორჯ ფლოიდს ვუბოდიშებდი, რომ მეტის გაკეთება, ფიზიკური ჩარევა და მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შევძელი".

ამის მიუხედავად, საქმის მთავარ მტკიცებულად მაინც მოზარდის მიერ გადაღებული ვიდეო იქცა. ამასთან, ეს ერთგვარი სამაგალითო საქციელიც გახდა — თუ როგორ და რატომ არის მნიშვნელოვანი რიგითი მოქალაქეების ჩართულობა დანაშაულის მხილებისა და სამართლის აღსრულების პროცესში.

"ისტორიას მუდამ უნდა ახსოვდეს 17 წლის არაჩვეულებრივი მოზარდი, დარნელა ფრეიზერი, რომელმაც ძალისა და სიმშვიდის მოკრებით შეძლო ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ვიდეო გადაეღო. რომ არა ის, სამართალი, შესაძლოა, არასდროს აღსრულებულიყო", — განაცხადა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა მრჩეველმა, ვალერი ჯერეტმა.