უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის განცხადებით, ეროვნული ნაკრების ფორმაზე UEFA-სთან შეთანხმებას მიაღწიეს. ასოციაციის განმარტებით, ლოზუნგი "დიდება გმირებს", რომლის წაშლასაც UEFA ითხოვდა, დარჩება, ოღონდ დიზაინის ახალი ელემენტის უკან განთავსდება.

როგორც ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი, ანდრეი პავლეკო ფეისბუქზე წერს, UEFA-სთან მოლაპარაკებები რთული და ხშირად ჩიხში შედიოდნენ, თუმცა საბოლოოდ კომპრომისს მიაღწიეს.

ახალი ფორმის მილიონიან ტირაჟზე დარჩება ლოზუნგები "დიდება უკრაინას" და "დიდება გმირებს", ასევე, რჩება უკრაინის რუკის გამოსახულება. პავლეკოს თქმით, ახალი გადაწყვეტილებით, EURO 2020-ის მიმდინარეობის ფარგლებში მაისურს შიდა მხარეს კიდევ ერთი ელემენტი დაემატება — ნაკრების სიმბოლო რუკასთან ერთად, სამკაპი და "დიდება უკრაინის" წარწერა. ხოლო ლოზუნგი "დიდება გმირებს" განთავსდება რუკის უკან, კონტურების ცენტრში. ასოციაციის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს ფეხბურთელების ერთგვარი თილისმა უნდა გახდეს.

ფოტო: ანდრეი პავლეკო / Facebook

პავლეკოს თქმითვე, მათ დაარწმუნეს UEFA, რომ ორივე ლოზუნგი და უკრაინის დიდი გერბი ქვეყანაში ფეხბურთის ოფიციალური სიმბოლოებია.

EURO 2020-ისთვის უკრაინამ ეროვნული ნაკრების ახალი ფორმა წარადგინა, რომელზეც ქვეყნის კონტურებია გამოსახული, ასევე, დატანილია წარწერები "დიდება უკრაინას", ხოლო საყელოს შიგნიდან წერია "დიდება გმირებს".

უკრაინის ფორმამ რუსეთის გაღიზიანება გამოიწვია, რადგან რუკის კონტურებში ანექსირებული ყირიმიც მოექცა. გარდა ამისა, ისინი ამტკიცებენ, რომ ამ ლოზუნგებს ნაციონალისტი უკრაინელები იყენებენ. დუმის დეპუტატებმა UEFA-სგან ფორმის აკრძალვაც მოითხოვეს

რუსეთის ჩივილის შემდეგ UEFA-მ უკრაინას მიუთითა, რომ ფორმა შეცვალოს. UEFA-ს გადაწყვეტილებით, მაისურზე რუკის კონტურები დარჩებოდა. თუმცა საყელოზე დატანილი ფრაზა "დიდება გმირებს" უნდა წაშლილიყო.