გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი ანნა ჩერნიშოვა სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სახალხო დამცველის ფუნქციის შესრულებისთვის საფრთხის შექმნა ან კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიას და ზღუდავს მას.

"რა თქმა უნდა, ხშირად რთულია იყო სახალხო დამცველი, რადგან სიმართლე, რომელსაც ის ამბობს, ყოველთვის არ არის მარტივი მისაღები და მარტივი გამოსათქმელი. თუმცა ისიც უნდა აღინოშნოს, რომ სახალხო დამცველის ფუნქციის შესრულებისთვის საფრთხის შექმნა ან კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ნებისმიერი მიმართულებით, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთლიანად დემოკრატიას ქვეყანაში და ზღუდავს მას. აქედან გამომდინარე მინდა მოვუწოდო როგორც მთავრობას, ისე პარლამენტის, მედიის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებს დაუჭირონ მხარი სახალხო დამცველს მისი ფუნქციების განხორციელებაში და ასევე დაუყოვნებლივ მოხდეს მისი შეშვება ნინოწმინდის პანსიონში", — განაცხადა ანნა ჩერნიშოვა, რომლის თაგრმანსაც ფორმულა ავრცელებს.

სახალხო დამცველ ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებენ. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა. განმარტება გააკეთა თავად სპირიდონმაც და ჰომოფობიური მიზეზი დაასახელა — მისი თქმით, პანსიონში ომბუდსმენის წარმომადგენლებს იმიტომ არ უშვებს, რომ "ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვენ და ასეთებს თავის ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მისცემს".

ამის შემდეგ ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მთავრობისგან ნინოწმინდის პანსიონში ყველა შესაბამისი უწყების მიერ მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა მოითხოვა. სასამართლოს ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა დააკმაყოფილა გაერომ და შესაბამისად, მთავრობა ვალდებულია, უზრუნველყოს მონიტორინგი.

ნინოწმინდის პანსიონში არსებულ პრობლემებზე სახალხო დამცველი წლებია საუბრობს, მათ შორის, ძალადობაზე და დასჯის შემთხვევებზე. ის, რომ სავარაუდო ძალადობაზე საპატრიარქოს და შესაბამის უწყებებს ინფორმაცია ჰქონდათ, შსს-ს განცხადებითაც დასტურდება. კერძოდ, უწყება ამბობს, რომ 2016 წლიდან დღემდე პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე 5 საქმე აღიძრა — 4 ძალადობაზე და 1 სავარაუდო გაუპატიურებაზე.

1 საქმე მედიაში ბენეფიციარის მიერ ძალადობაზე ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ აღიძრა, თუმცა მანამდე მიმდინარე 4 გამოძიების შედეგი ჯერ დამდგარი არ არის. შსს მიზეზად მტკიცებულებების ნაკლებობას ასახელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ანა არგანაშვილის განმარტებით, კანონის მიხედვით მათი ორგანიზაცია არის სპეციალური მოსარჩელე შშმ ბავშვებისთვის და სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილება მათთან დაკავშირებით იქნა მიღებული. თუმცა, მისივე თქმით, მთელი გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ იქ საფრთხე ყველა ბავშვისთვისაა, ყველა ბავშვის სიცოცხლე შეიძლება იყოს საფრთხეში და ეს ტექნიკური დეტალი მხოლოდ სამართლებრივი ტექნიკაა.

საპატრიარქო სასამართლოს გადაწყვეტილებაის გასაჩივრებას აპირებს.

ბოლო ინფორმაციით, პანსიონიდან 25 ბავშვი გაიყვანეს.