წინასწარი შეცნობით 8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებულ არასრულწლოვანს სააპელაციო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, თუმცა თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ გამოიყენა, რაც პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

არასრულწლოვანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.