ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ყოფილი დირექტორი, ივან ჟდანოვი ძებნაში გამოაცხადეს. ამის შესახებ ჟდანოვმა ინფორმაცია თვითონ გაავრცელა, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა სიაში საკუთარი თავი აღმოაჩინა.

"არ ვიცი, ძებნა რასთან არის დაკავშირებული. ალბათ, ათეულობით საქმესთან, რომელიც ჩემ წინააღმდეგ აღძრეს. კონკრეტულად რომელთანაა კავშირში, გარკვევა რთულია", — განაცხადა ჟდანოვმა.

9 ივნისს მოსკოვის სასამართლომ კორუფციასთან ბრძოლის ფონდი ექსტრემისტულ ორგანიზაციად მიიჩნია. გადაწყვეტილება ძალაში გამოცხადებისთანავე შევიდა.

ექსტრემისტულ ორგანიზაციად ფონდის გამოცხადება პროკურატურამ მოითხოვა. კანონის შესაბამისად, ექსტრემისტული ორგანიზაციასთან კავშირში მყოფ პირებს არჩევნებში კენჭისყრა ეკრძალებათ.