შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, მაღაზია ფარფურის დაწვის საქმეზე, არასრულწლოვანი დააკავეს. უწყების ცნობით, მას ბრალად ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება და განადგურება ედება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ა.-მ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თანმხლებ პირებთან ერთად, ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე მარკეტი ფარფურის მინის კარი დააზიანა და იქ არსებულ ნივთებს ცეცხლი წაუკიდა. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები", — აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.