ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, გიორგი გახარიამ ბადრი ჯაფარიძეს მუქარის წერილი მის კაბინეტში გადასცა.

"ვინც კი იცნობს ბადრი ჯაფარიძეს, უბრალოდ შორიდან მაინც, სიტყვა ტყუილი და ბადრი ჯაფარიძე არის აბსოლუტურად აცდენილი ერთმანეთთან. ბადრი ჯაფარიძე ამბობდა, რომ მე არ ვარ შუამავალი, წერილი გადმომცა მე და მამუკას. როგორ შეიძლება ბადრი ჯაფარიძე იყოს შუამავალი, როცა ისეთივე თანამფლობელია და ისევე მართავდა იმ ჩვენს კომპანიებს, როგორც მე? როგორ შეიძლება ბადრი ყოფილიყო შუამავალი, უბრალოდ ბადრის გადასცა მან ეს წერილი, გადასცა მის კაბინეტში და ახლა მე კიდევ ერთხელ მივმართავ პროკურატურას, გომელაურს მივმართავ იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შესვლა-გამოსვლა არის ფიქსირებული, ამოიღონ ნოემბრის შესვლა-გამოსვლა და ეს საქმე განახლდეს. თუ არ განახლდება, ჩვენ საქმე გვექნება სახელმწიფოებრივ დანაშაულთან, რომელიც აფარებს დანაშაულს ხელს, სისტემურ დანაშაულთან", — ამბობს ხაზარაძე TV პირველის ეთერში.

8 ივნისს გიორგი გახარია TV პირველის ეთერში იმყოფებოდა, სადაც მან სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ანაკლიის პორტზე ისაუბრა. მისი განცხადებები შეეხო იმ წერილსაც, რომელიც ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, 2018 წლის არჩევნების წინ გახარიამ პირადად გადასცა. ექსპრემიერმა ისაუბრა, ასევე, ხაზარაძის მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვის დეტალებზე.

"ხაზარაძე მაგისტრ მოსამართლესთან ადვოკატთან ერთად მივიდა და თქვა, შუამავალი კი იყო, მაგრამ ეს შუამავლი ჩემი ოჯახის წევრი იყო, ახლო ნათესავი, ამიტომ მის წინააღმდეგ ჩვენებას არ მივცემო, მაშინ როდესაც ბადრი ჯაფარიძე ასეთი არ არის სამართლებრივად და იურიდიულად", — თქვა გახარიამ.

გახარიას ამ განცხადების შემდეგ, ჟურნალისტმა მოგვიანებით თქვა, რომ მას ხაზარაძემ პირდაპირ ეთერში მისწერა კითხვით: "რა იცის გახარიამ მაგისტრ მოსამართლესთან ჩვენების შინაარსში?". აღნიშნულზე გახარიამ უპასუხა, რომ იმ დეტალებზე საუბრობდა, რასაც ჩვენებიდან გამოსვლის შემდეგ ხაზარაძე თავად ჰყვებოდა.

"თვითონ გამოვიდა, მისცა ინტერვიუ და თქვა ყველაფერი, მე შინაარს არ ვყვები, რომ გამოვიდა, მოყვა ის ჩვენება, რაც თქვა, იქ იყო კომენტარები და იქიდან ვიცი", — განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიასგან სავარაუდოდ მუქარის წერილის მიღების შესახებ თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გასული წლის 4 მარტს პარლამენტში გამოსვლის დროს ისაუბრა. წერილთან დაკავშირებით პროკურატურამ მამუკა ხაზარაძე სასამართლოში გამოკითხა.

პროკურატურის განცხადებით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის შედეგებით დადგინდა, რომ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ მუქარის წერილის დედანზე გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. უწყების ცნობით, წერილის დედანზე ექსპერტიზა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა. ექსპერტიზისთვის წერილის გადაცემამდე კი, მამუკა ხაზარაძემ წერილის დედანი საკვლევად ბრიტანულ კერძო კომპანიას გადაუგზავნა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრიტანული კომპანიისა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნები ერთმანეთს ემთხვევა.

ამავე თემაზე: