ავსტრალიელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ისეთი მიკროსკოპი, რომელსაც აქამდე უხილავი მიკროსკოპული სტრუქტურების ჩვენება შეუძლია. როგორც მკვლევრები ამბობენ, ეს კვანტური ტექნოლოგიების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია და მას გარღვევაც კი შეგვიძლია ვუწოდოთ.

კვლევის თანახმად პირველად ხდება კვანტური ტექნოლოგიის გაუმჯობესება არსებული სინათლის მიკროსკოპებზე. ამას მომავალში სამედიცინო გამოსახულებების და სანავიგაციო სისტემების დახვეწა შეუძლია.

ცნობისთვის, კვანტური ტექნოლოგიები ემყარება კვანტური ფიზიკის პრინციპებს, რომლებიც გამოიყენება იმის აღსაწერად, თუ როგორ იქცევიან ისეთი პატარა სისტემები, როგორიცაა ატომები და სუბატომიური ნაწილაკები.

ახლა კი ახალი კვანტური მიკროსკოპი მუშაობს 35%-ით მეტი სიწმინდით, ვიდრე აქამდე არსებული ტექნოლოგიები. მიკროსკოპი უჯრედში ატომებს შორის სივრცეებს აკვირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია ჯერ ადრეულ ეტაპზეა, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ის საბოლოოდ ფართო მასშტაბებზე გამოგვადგება, იქნება ეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გაუმჯობესება, თუ ნერვული დეგენერაციის და ანტიბიოტიკების ეფექტის სწავლა.

წამყვანმა მკვლევარმა, პროფესორმა უორვიკ ბოუენმა, კვინსლენდის უნივერსიტეტიდან, თქვა, რომ ახალი კვანტური მიკროსკოპი სხვა აქამდე არსებულ ტექნოლოგიებს ჯობია.

"ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შესაძლებელია გავცდეთ კლასიკური ფიზიკის საზღვრებს, დაინახოთ ის, რასაც ვერ ვხედავდით სტანდარტულ მიკროსკოპში", — თქვა მან.

უფრო მკაფიო სურათის მისაღებად, ახალ მიკროსკოპში კვანტური ტექნოლოგია გამოიყენება სურათის სინათლის შემთხვევითი რყევების შესამცირებლად. ეს კვანტურ გადახლართულობას მოიცავს.

მიკროსკოპი იმდენად მძლავრია, რომ მას უჯრედებში მოლეკულური ვიბრაციების შესწავლა შეუძლია.

"ამით ფაქტობრივად უჯრედების გარკვეული რეგიონების ქიმიურ ბმებს აფიქსირებს. შესაბამისად ჯანმრთელი უჯრედების სიმსივნის უჯრედებისგან განსხვავებაც შეგვიძლია", — ამბობს ბოუენი.

ექსპერტების თქმით, ეს ძალიან დიდი მიღწევაა და სავარაუდოდ, უახლოეს ათ წელიწადში კვანტური მიკროსკოპები ფართო გამოყენებაში იქნება.

ამის პარალელურად, კვანტურ მიკროსკოპზე მომუშავე მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ სულ მალე ტექნოლოგიას კიდევ უფრო დახვეწენ და გამოსახულებას 10-ჯერ უფრო ნათელს გახდიან.

კვანტური ტექნოლოგიების შექმნაზე და განვითარებაზე მთელი მსოფლიო აქტიურად მუშაობს. ექსპერტების თქმით, ამ კონკრეტულ მიღწევას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და მას ჩვენი სამყაროს შეცვლაც შეუძლია.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.