პარლამენტმა ამნისტიაზე ოპოზიციის კანონპროექტი ისე ჩააგდო, რომ არც ერთი სადავო საკითხი არ გაითვალისწინა. ამნისტია შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთ მთავარი საკითხია, რაც ქვეყანაში პოლიტიკური ძალების შერიგების და რადიკალიზმის შემცირების წინაპირობა უნდა გახდეს. თუმცა, ხელისუფლების გადაწყვეტილება კითხვებს აჩენს და ძნელია იმის თქმა, ეს პროექტი შეასრულებს თუ არა პოლიტიკური სტაბილიზატორის ფუნქციას.

მიუხედავად იმისა, რომ ხელმოწერილი დოკუმენტი კომპრომისულია, ამნისტიის საკითხმა პოლიტიკურ ძალებს, არსამთავრობო ორგანიზაციებსა და 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულ მოქალაქეებს შორის უთანხმოება გამოიწვია. ამის მთავარი მიზეზი კი ხელისუფლების ინიციატივა გახდა, რომლის თანახმად, დამნაშავე სამართალდამცველების ამნისტირება მოხდება. ამას დაემატა ისიც, რომ ხელისუფლების ვარინტით ამნისტია ენმ-ის ლიდერს, ნიკა მელიას, პრაქტიკულად ვერ შეეხება (რადგან ამნისტიის მიღებაზე უარს ამბობს), რომლის დაკავებასაც ფაქტობრივად მოჰყვა მთელი ეს პროცესი.

ოპოზიციის პროექტის ჩაგდების შემდეგ, ერთადერთ ვარიანტად ქართული ოცნების პროექტი რჩება, რომელსაც რამდენიმე დღეში დაამტკიცებენ. დასამტკიცებელ და ხელისუფლებისგან დაწუნებულ პროექტებს შორის რამდენიმე პრინციპული სხვაობაა.

ვის ეხება ამნისტია

ამნისტია 2019 წლის 20-21 ივნისის დანაშაულებს ეხება. ქართული ოცნების პროექტში წერია, რომ ამნისტია მოიცავს ყველას, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, რომლებიც ჩამოთვლილია. ოპოზიციის დოკუმენტში კი პირიქით — ჩამოთვლილია მუხლები, რომლებსაც ამნისტია ეხება, სხვა დანარჩენ დანაშაულებზე კი კანონი არ ვრცელდება. სწორედ ეს არის ერთ-ერთი არსებითი სხვაობა, რაზეც მხარეები ვერ თანხმდებიან.

ქართული ოცნების პროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე. ამნისტია შეეხება ყველას, ვინც დანაშაული ჩაიდინა, მოამზადა, ჰქონდა დანაშაულის ჩადენის მცდელობა. ასევე ეხება ამ დანაშაულისთვის პირობით მსჯავრსაც.

გარდა ამისა, ქართული ოცნების პროექტით, ჯარიმისგან გათავისუფლდება ყველა, ვისაც 20-21 ივნისის ფაქტზე დაკისრებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი და ჯერ არ გადაუხდია. მათ კი, ვინც ეს ჯარიმა უკვე გადაიხადა, თანხა არ დაუბრუნდებათ.

ოპოზიციის პროექტით, ამნისტია შეეხება ყველას, ვინც 20-21 ივნისის მოვლენების დროს ჩაიდინა შემდეგი სახის დანაშაულები:

  • ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა;
  • სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.

ამასთან, ამ შემთხვევაში აუცილებელი იქნება შესაბამისი დაზარალებული პირის ნოტარიალურად დამოწმებული წერილობითი თანხმობა.

ადმინისტრაციული სახდელით დაჯარიმებულების საკითხი ოპოზიციის ვარიანტშიც არის და ამ პირთა წრე განსაზღვრულია კონკრეტული მუხლებით. პრინციპი კი აქაც იგივეა — ამნისტია გავრცელება, თუ დაკისრებული ჯარიმა ამ კანონის ამოქმედებამდე აღსრულებული არ ყოფილა, გადახდილი ჯარიმა კი უკან არ დაუბრუნდებათ.

On.ge-თან საუბრისას სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი განმარტავს, "ამნისტიის პოლიტიკურ სულიკვეთებასთან და მიშელის დოკუმენტის პრინციპებთან თანხვედრაშია ხელისუფლების პროექტი", რადგან დანაშაულის მუხლების არგანსაზღვრა, რომელსაც ამნისტია უნდა შეეხოს, გამორიცხავს მომავალში ამ საქმეზე პოლიტიკური მოტივით საქმის აღძვრის ცდუნებასაც კი.

თუმცა, ამ პოზიციას რადიკალურად ეწინააღმდეგება 2012 წლის მოწვევის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე. მისი თქმით, მუხლების არმითითება პოლიტიკური კორუფციის რისკებს ზრდის.

"ამნისტიის კანონში მითითებული უნდა იყოს არა მოვლენასთან დაკავშირებული დანაშაული, არამედ კონკრეტული დანაშაულები, ანუ კონკრეტული მუხლებით. როდესაც არ არის ჩამოთვლილი მუხლები, ჩნდება შესაძლებლობა არაკეთილსინდისიერი გადაწყვეტილებისა. მაგალითად, 20-21 ივნისს მომხდარი რაღაც სხვა დანაშაული შეიძლება დაუკავშირონ ამ ფაქტს. ამის საფრთხე არსებობს და ამნისტიის კანონში ასე გაურკვევლად დაწერა, რომელიც არაკეთილსინდისიერი ინტერპრეტირების შესაძლებლობას იძლევა, არანაირად არ შეიძლება", — ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

20-21 ივნისის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ბრალდებით, ჯამში სულ სამი სამართალდამცველი იყო დაკავებული. სამივე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. "ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის საქმის" ფარგლებში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ჯამში 19 პირია მიცემული. მათ შორის, ოპოზიციური მოძრაობა გამარჯვებული საქართველოს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ირაკლი ოქრუაშვილი და ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია. ამ საქმეზე ოქრუაშვილი დაკავებულიც იყო და ის პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა. რაც შეეხება მელიას, მის საქმეზე სასამართლო განხილვები გრძელდება, პროცესში კი ორჯერ შეეფარდა გირაო, ასევე, პატიმრობა. ამ ეტაპზე მელიაც თავისუფალია და ეს შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო. მეტიც, ამნისტიის კანონი მასაც უნდა შეხებოდა, თუმცა ენმ-ის თავმჯდომარემ ამაზე უარი განაცხადა.

სწორედ თანხმობის ნაწილია ქართული ოცნებისა და ოპოზიციის კანონპროექტების მეორე მნიშვნელოვანი სხვაობა. ოპოზიციის ვარიანტით, ამნისტიისთვის საჭიროა დაზარალებულების თანხმობა, რასაც ხელისუფლება არ იზიარებს. განსაკუთრებით კი არ მოსწონთ ის, რომ თანხმობა გათვალისწინებულია აქციის მონაწილეების შემთხვევაში, დაზარალებული პოლიციელების კი — არა, რადგან ასეთ მიდგომას დისკრიმინაციულად მიიჩნევენ.

თუმცა, ამის საპასუხოდ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სამოქალაქო პირებისა და სამართალდამცველებისთვის განსხვავებული სტანდარტი უნდა არსებობდეს.

"სამართალდამცავები ასრულებდნენ საკუთარ ვალდებულებებს და მოქალაქეები გახდნენ უნებური მსხვერპლი ძალმომრეობის, რომელიც იმ დღეს გამოიჩინა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა. ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის როგორც პოლიტიკურად, ასევე მორალურად და რაც მთავარია, იურიდიულად გამართული არგუმენტი", — განმარტავს სალომე სამადაშვილი.

სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი დაზარალებულების თანხმობის პირობას მიშელის დოკუმენტის და ზოგადად ამნისტიის პრინციპის საწინააღმდეგოდ მიიჩნევს და თავის პოზიციას ასე ასაბუთებს:

"ამნისტია არის დანაშაულის პატიება და ეს პატიება ახლა წინაპირობაა პოლიტიკური შერიგების. ამ მოთხოვნის ჩადებით კი ოპოზიცია ამნისტიის პრინციპის წინააღმდეგაც მიდის და თავისსავე ხელმოწერილი დოკუმენტისაც".

ვახტანგ ხმალაძე კი ამბობს, რომ დაზარალებულის თანხმობის ჩაწერა-არჩაწერასთან მიშელის დოკუმენტი არანაირ კავშირში არ არის,

"მე რაც ამნისტიის შესახებ კანონები მინახავს, ასეთი დათქმა არ მახსოვს. მაქსიმუმი იყო ის, რომ მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულის ამნისტირებისთვის საჭირო იყო დაზარალებულის თანხმობა", — ამბობს ხმალაძე.

დღეის მონაცემებით, 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაშავებული 275 ადამიანიდან პროკურატურამ დაზარალებულად ცნო მხოლოდ 85 ადამიანი. აქედან 78 შს სამინისტროს თანამშრომელია, ხოლო 7 — სამოქალაქო პირი.

საია-ში აცხადებენ, რომ 22 პირიდან, რომელსაც ისინი სამართლებრივად ეხმარებიან, 20-ს ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი. მათ შორის, დიდი დაგვიანებით ცნეს დაზარალებულად მაკო გომური და გიორგი სულაშვილი, რომლებმაც 20 ივნისის ღამეს თვალი დაკარგეს.

ვის არ შეეხება ამნისტია

ქართული ოცნების პროექტით, ამნისტია არ შეეხება მათ, ვინც ამნისტიის მასზე გავრცელებაზე უარს იტყვის. ამასთან, ადამიანებს, რომლებმაც ჩაიდინეს შემდეგი სახის დანაშაულები:

  • ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება;
  • წამება;
  • წამების მუქარა;
  • დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა.

ამ პროექტის თანახმად, ვისაც ამნისტია არ ეხება და ვინც ამნისტიაზე უარს იტყვის, მათ მიმართ სამართალწარმოება გრძელდება. მათ ექნებათ სამართლიანი სასამართლოს უფლება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გაამტყუნებს, ამნისტიით გათვალისწინებული სასჯელისგან გათავისუფლება აღარ შეეხებათ. სასჯელის ვადის ათვლა კი ბრალის წაყენების მომენტიდან დაიწყება.

ხელისუფლების პროექტში ერთ-ერთი ყველაზე საკამათო და პოლიტიკური სპექტრისთვის მიუღებელი სწორედ ეს საკითხია.

ამნისტიაზე უარის თქმა სამართლებრივად გარანტირებული უფლებაა, რადგან ამით პირს საშუალება ეძლევა, თუ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, ბოლომდე იბრძოლოს საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, რადგან ამნისტია გამართლებას კი არა, დამნაშავედ ცნობას და ამ დანაშაულის პატიებას გულისხმობს. ამასთან, იმ პირს, ვინც ამნისტიაზე უარს ამბობს და სასამართლო არ გაამართლებს, შემდეგ უკვე შეეხება ამნისტია და იგი თავისუფლდება სასჯელის მოხდისგან. ხელისუფლების პროექტში კი ეს პრინციპი უგულებელყოფილია და საგანგებო მუხლია ჩადებული, რომ ამნისტიაზე უარის მთქმელი, დაამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, სასჯელისგან არ გათავისუფლდეს.

ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა ხელისუფლების მიერ ამ მოთხოვნის პროექტში ჩადება უკვე შეაფასეს, როგორც ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილება, რადგან ამ ეტაპზე ამნისტიაზე უარს მხოლოდ ის ამბობს. სამართალმცოდნები კი ამბობენ, რომ ეს კანონმდებლობასაც ეწინააღმდეგება და მიშელის დოკუმენტსაც. მათი აზრით, საბოლოო დამტკიცებამდე ეს საკითხი აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული.

კიდევ ერთი განსხვავება არის ის, რომ ოპოზიციის ვარიანტით ამნისტია არ უნდა შეეხოს იმ პირებს, რომლებიც 20 ივნისის მოვლენების დროს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე იყვნენ და დანაშაული ჩადენილი აქვთ უფლებამოსილების გადამეტებით, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით. ეს პრინციპი ხელისუფლების ვარიანტში არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ არც უნდა იყოს, რადგან "საერთაშორისო დონეზე აღიარებულია ის დანაშაულები, რასაც ამნისტია ისედაც ვერ შეეხება და ამას პროექტში ჩაწერა არ სჭირდება".

ამნისტიის განხორციელების პროცედურები

ამნისტიის განხორციელების პროცედურები ორივე პროექტში ერთმანეთს ჰგავს, თუმცა, განსხვავებაა ვადებში და ცალკეულ საკითხებში. ორივე პროექტში ეს საკითხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ეტაპზეა საქმე და შესაბამისად, ჩართული იქნებიან სათანადო პროკურორები და სასამართლოები. ხელისუფლების პროექტი ძირითადად 1-კვირიან ვადას ითვალისწინებს, ოპოზიციის პროექტში ეს ვადა 72 საათამდეა შემცირებული (გასაჩივრების ვადის გარდა).

ხელისუფლების პროექტში ძებნილ მსჯავრდებულს ამნისტია შეეხება იმ შემთხვევაში, თუ განაჩენი გასაჩივრებული არ აქვს იმ მოტივით, რომ სხდომას არ ესწრებოდა.

ოპოზიციის პროექტში კი ამნისტიის განხორციელების პროცედურა უფრო დეტალურია და "ოცნების" პროექტისგან განსხვავებით, აქ გათვალისწინებული იყო ამნისტიაშეხებული ან არშეხებული პირების მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება და გაწერილი იყო პროცედურა და ვადები.

პროცედურასა და ვადებთან დაკავშირებული საკითხები არ მიიჩნეოდა გადამწყვეტად და სამართლის სპეციალისტებს პოზიციების დაახლოების ყველაზე მეტი მოლოდინი სწორედ აქ ჰქონდათ. თუმცა, პოზიციების დაახლოების და ოპოზიციის აზრის გათვალისწინების ძალიან მცირე შანსია დარჩენილი. ცხადია, ოპოზიციის ვარიანტის ჩაგდება ამასთან პირდაპირ კავშირში არ არის, რადგან ხელისუფლების ვარიანტის საბოლოო დამტკიცებამდე შეთანხმების თეორიული შანსი კიდევ რჩება, თუკი ამის ნება იქნება.