ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს დეპორტირებულების საქმეზე კომპენსანციის გადახდის საბოლოო ვადად მიმდინარე წლის 6 სექტემბერი განუსაზღვრა. აღნიშნულზე ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

"ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც ზედამხედველობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას, 2021 წლის 7-9 ივნისის სხდომაზე ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი შეაფასა და გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილების თანახმად, კომიტეტმა რუსეთს განუსაზღვრა საბოლოო ვადა — მიმდინარე წლის 6 სექტემბერი, რათა ამ ვადაში განხორციელდეს კომპენსაციის გადახდა პირდაპირ საქართველოს ხელისუფლებისთვის (მსხვერპლთათვის გასანაწილებლად), ან რუსეთის მიერ ხელი მოეწეროს მემორანდუმს, რათა შესაძლებელი გახდეს კომპენსაციის გადახდის განხორციელება ევროპის საბჭოს მეშვეობით", — აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე კომიტეტმა გადაწყვეტილებები 2019 წლის 23- 25 სექტემბერს, 3-5 დეკემბერსა და 2020 წლის 3-5 მარტს მიიღო, რითაც გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს მოუწოდა კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს საქართველოსთვის დაუყოვნებლივ გადახდისკენ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნული თანხა უნდა განაწილდეს 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლ, სულ მცირე, 1500 პირზე.