კალიფორნიის ქალაქ ტორენსში მდებარე წმინდა ჯეიმსის სახელობის კათოლიკურ სკოლაში მოსწავლეების გადასახადი თითქმის 10 წლის განმავლობაში სულ სხვა მიზნებს ხმარდებოდა. როგორც აღმოჩნდა, სკოლის ყოფილმა დირექტორმა, პენსიაზე გასულმა 79 წლის მონაზონმა სკოლას $835 000-ზე მეტი მოპარა და ფული აზარტულ თამაშებში დახარჯა. მერი მარგარეტ კრუპერს ბრალად ფულის გათეთრება და თაღლითობა ედება.

მონაზონი სკოლის დირექტორი 1990 წლიდან 2018 წლამდე იყო და საზოგადოებამ მისი საქმიანობის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყო, როდესაც მან ახალი დირექტორისთვის ფინანსური ანგარიში მოამზადა. დირექტორმა გარკვეული უზუსტობები დააფიქსირა, რის შემდეგაც გამოძიება დაიწყო.

კრუპერმა დანაშაული აღიარა და საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობას შეუდგა. მისი ადვოკატების მიხედვით, ქალი ჩადენილს ძალიან ნანობდა. ადვოკატების თქმით, მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა კრუპერს ისეთი ქმედებისკენ უბიძგა, რასაც სხვა დროს არ ჩაიდენდა.

მერი მარგარეტ კრუპერს დანაშაულისთვის 40 წლამდე პატიმრობა ემუქრება.