ისრაელი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში ბეწვეულით ვაჭრობა აკრძალა. გადაწყვეტილებას ხელი 9 ივნისს მოეწერა, აკრძალვა კი ექვს თვეში ამოქმედდება.

"ბეწვეულის ინდუსტრია მსოფლიოში ასობით მილიონი ცხოველის სიკვდილს იწვევს და წარმოადგენს აღუწერელ სისასტიკესა და წამებას", — აცხადებს ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრი, გილა გამლიელი, — "მოდის ინდუსტრიაში გარეული ცხოველების ტყავისა და ბეწვის გამოყენება ამორალური და ნამდვილად არასაჭირო პრაქტიკაა. ცხოველების ბეწვით შექმნილი მოსასხამები იმ სასტიკ და მკვლელ ინდუსტრიას ვერ დაფარავს, რომელიც მათ ქმნის. ამ გადაწყვეტილების მიღებით კი ისრაელის მოდის სფერო გარემოსა და ცხოველებისადმი უფრო ტოლერანტული გახდა".

ისრაელის გარემოს დაცვის მინისტრი, გილა გამლიელი, ხელს აწერს გადაწყვეტილებას მოდის ინდუსტრიაში ბეწვეულის აკრძალვის შესახებ.

ფოტო: GilaGamliel / Twitter

გადაწყვეტილების მიღებას აღფრთოვანებითა და ქების მიძღვნით შეხვდნენ ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციები ისრაელსა და მსოფლიოში. მათ მადლობა გადაუხადეს გამლიელსა და ტალ გილბოას, რომელიც პრემიერმინისტრის მრჩეველია ცხოველთა უფლებების საკითხებში.

განცხადება გაავრცელა მსოფლიოში ყველაზე დიდმა ცხოველთა დამცველმა ორგანიზაციამ, PETA-მ, რომელმაც გადაწყვეტილებას "ისტორიული გამარჯვება" უწოდა.

"უკვე ოფიციალურია: ისრაელი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ბეწვეულით ვაჭრობა აკრძალა! ეს ისტორიული გამარჯვება უთვალავ მელას, წაულას, ბაჭიასა და სხვა ცხოველებს დაიცავს მათი ბეწვისთვის ჩადენილი სასტიკი მკვლელობებისგან".

ორგანიზაციების რეაქციას ტვიტერზე გამოეხმაურა გამლიელიც. მინისტრის თქმით, ძალიან ამაყობს, რომ ისრაელი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო.

ბეწვეულის მოწინააღმდეგე საერთაშორისო კოალიცია (IAFC) ისრაელში 2009 წლის შემდეგ ითხოვდა ამ გადაწყვეტილების მიღებას. ინიციატივაზე აქტიური მუშაობა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც გარემოს დაცვის კომიტეტის თავჯდომარემ, მიკი ხაიმოვიჩმა, ბეწვეულის აკრძალვას მხარი დაუჭირა.

ფოტო: Respect for Animals

აღსანიშნავია, რომ ბეწვეულით ვაჭრობა კალიფორნიის შტატშიცაა აკრძალული 2019 წლიდან. ამასთან, რამდენიმე დიზაინერმა და სამოდელო სახლმა: Macy’s-მა, Nordstrom-მა, Burberry-მ, Gucci-მ, Versace-მ, Michael Kors-მა, Jimmy Choo-მ და Giorgio Armani-მ თავისი პროდუქციის საწარმოებლადაც აკრძალეს ბეწვეულის გამოყენება.

ამის მიუხედავად, გარემოს დაცვის გამოწვევებზე საუბრისას ბეწვეულისა და ტყავის მწარმოებელი ინდუსტრია კვლავ რჩება ერთ-ერთ უდიდეს პრობლემად. მაგალითისთვის, შარშან, ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო დანიაში ფერმებში მოშენებული 17 მილიონი წაულის დახოცვის გადაწყვეტილება მიიღეს.