ქართული ოცნების დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ წევრს, აკაკი მინაშვილს მიმართა და უთხრა, რომ "კარგია, გააგრძელოს ირაკლი კობახიძის წიგნების კითხვა". აღნიშნული განცხადება მან პარტიების დაფინანსების შესახებ მინაშვილის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

"ბატონმა აკაკიმ წაიკითხა ბატონი ირაკლი კობახიძის წიგნიდან ამონარიდი. კარგია ბატონო აკაკი, გააგრძელეთ ბატონი ირაკლი კობახიძის წიგნების კითხვა, ბევრ რამეს ისწავლით. კარგია, რომ მუშაობთ ამაზე. აქაც, ბატონმა ირაკლი კობახიძემ, როცა გითხრათ, რომ პარლამენტში ყველა შემოვიდოდა და შეგისრულათ ეს და შემოხვედით, ასევე ახლა, მისივე ციტატით შეისრულეთ თქვენთვის, როდესაც ბოიკოტის გამო დაფინანსება [...] მისივე ციტატით, სადაც ბატონი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბოიკოტის გამო დაფინანსება არ უნდა შეუწყდესო, ზუსტად იმას ვამბობთ, რომ ბოიკოტის გამო არავის არაფერი არ შეუწყდება", — განაცხადა ოხანაშვილმა.

პლენარულ სხდომაზე პარტიებისთვის დაფინანსების კანონპროექტის შესახებ საუბრისას აკაკი მინაშვილმა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წიგნიდან ციტატა მოიყვანა, რომელიც პარტიების დაფინანსების საკითხს ეხება.

"თქვენი ერთ-ერთი პოლიტიკის განმსაზღვრელი ადამიანი, ირაკლი კობახიძე 2008 წელს თავის ავტორობით შექმნილ წიგნში წერდა, რომ დაუშვებელია პოლიტიკურ პარტიას უარი ეთქვას დაფინანსებაზე მის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების მიზეზით, ანუ როდის იყავით გულწრფელები, ახლა თუ მაშინ?", — განაცხადა მინაშვილმა.

დღეს საქართველოს პარლამენტში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. ის პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს. გარდა ამისა, საუბარია, რომ თუ მომდევნო 6 თვის განმავლობაში მანდატმოპოვებული პარტიების წარმონადგენელთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით პლენარულ სხდომათა ნახევარს არ დაესწრება, მათ დაფინანსება დროებით შეუჩერდებათ.