საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესპარტნიორებმა შემოსავლების განაწილებასთან დაკავშირებით დავის მოსაგვარებლად "ქურდულ სამყაროს" მიმართეს. უწყებაში ამბობენ, რომ საქმეზე თბილისში, თელავსა და ქუთაისში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 13 ადამიანი დააკავეს, ე.წ. კანონიერ ქურდს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

"ერთ-ერთ ბრალდებულს, ბიზნესსაქმიანობის პროცესში შემოსავლების არაობიექტურად განაწილებასთან დაკავშირებით, ფინანსური დავა წარმოექმნა ბიზნესპარტნიორთან. მოდავე მხარეებმა უთანხმოების გამო არსებული დავის მოსაგვარებლად "ქურდული სამყაროს" წევრებს მიმართეს, რის შემდეგაც ერთ-ერთმა საზღვარგარეთ მყოფმა კანონიერმა ქურდმა — ზ.მ.-მ საქმის გარჩევის ორგანიზება თავის შვილს — მ.მ.-ს დაავალა.

ამ უკანასკნელმა კი 2021 წლის 16 აპრილს, თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, დავის ქურდული წესით გარჩევის ორგანიზება მოახდინა, რომლის შედეგად, ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ 80 000 ლარის გადახდა დაეკისრა", — აცხადებენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს უკავშირდებოდნენ.

უწყებაში ამბობენ, რომ ნივთმტკიცებად ამოიღო 4 ავტომანქანა და საბრძოლო ვაზნებიც.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 223-ე პრიმა-3 და 223-ე პრიმა-4 მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს "კანონიერი ქურდობის", "ქურდული სამყაროს" წევრობის, "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის და "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერას. ყველა დაკავებული სწორედ ამ მუხლითაა ბრალდებული: 1978 წელს დაბადებული ვ.გ. (მეტსახელად "ვიტო"), 1976 წელს დაბადებული ჯ.ხ. (მეტსახელად "ჯეკო") , 1983 წელს დაბადებული რ.გ. (მეტსაცლეად "პუპუშა"), 1974 წელს დაბადებული გ.რ. (მეტსახელად "ხონსკი'), 1987 წელს დაბადებული რ.დ. (მეტსახელად "ბაჩო"), 1992 წელს დაბადებული ა.შ., 1995 წელს დაბადებული ა.ლ., 1973 წელს დაბადებული გ.მ. (მეტსახელად "გიბონა"), 1978 წელს დაბადებული გ.დ., 1975 წელს დაბადებული ი.ჭ., 1966 წელს დაბადებული მ.კ. (მეტსახელად "ტყვლიპე"), 1978 წელს დაბადებული გ.მ., 1996 წელს დაბადებული მ.მ. (მეტსახელად "მემი"). საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს, ზ.მ.-ს (მეტსახელად "გლეხოვიჩს") კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რაც 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.