NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიისა (JPL) და ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა არამიწიერი სიცოცხლის ძიებისას, ცოტა ხნის წინ "უცნაური" ეგზოპლანეტა TOI-1231 b აღმოაჩინეს, რომელიც M ჯუჯა ვარსკვლავის — წითელი ჯუჯას გარშემო ბრუნავს.

მეცნიერებმა ჯერ ვარსკვლავი დაახასიათეს, შემდეგ TOI-1231 b-ის მასა და რადიუსი გაიგეს. ამ ინფორმაციის საფუძველზე კი მოიპოვეს საჭირო მონაცემები მისი სიმკვრივის დასადგენად და იმ ჰიპოთეზის ჩამოსაყალიბებლად, თუ რისგან შედგება პლანეტის ატმოსფერო.

ნეპტუნზე უფრო პატარა ზომის პლანეტა, რომელსაც 24 დღიანი ორბიტა აქვს, 8-ჯერ უფრო ახლოსაა თავის ვარსკვლავთან, ვიდრე დედამიწა მზესთან, თუმცა, მისი ტემპერატურა ჩვენი პლანეტის ტემპერატურის მსგავსია. მისი ატმოსფეროს ტემპერატურა დაახლოებით 330 კელვინი, ან 60 გრადუსი ცელსიუსია, რაც იმას ნიშნავს, რომ TOI-1231b ერთ-ერთი ყველაზე ცივი პატარა ეგზოპლანეტაა, რომლის ატმოსფეროს შესწავლაც აქამდე შეძლეს მეცნიერებმა. არსებობს შესაძლებლობა, რომ პლანეტის ზედა ატმოსფეროში არის ღრუბლები და, შესაძლოა, წყალიც.

"TOI 1231b-ის დაბალი სიმკვრივე მიანიშნებს, რომ იგი არაა კლდოვანი პლანეტა და მას ნივთიერი ატმოსფერო უნდა არტყამდეს გარს. მაგრამ, ამ ატმოსფეროს შემადგენლობა და მოცულობა ჩვენთვის უცნობია", — ამბობს ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი, დაიანა დრაგომირი. "TOI1231 b-ს შესაძლოა ჰქონდეს წყალბადითა და ჰელიუმით, ან სულაც წყლის ორთქლით მდიდარი ატმოსფერო. თითოეული შემთხვევა მის განსხვავებულ წარმოშობაზე მიუთითებს. ეს უკანასკნელი ასტრონომებს საშუალებას აძლევს გაარკვიონ, თუ როგორ ყალიბდებიან პლანეტები M ჯუჯების გარშემო და განსხვავდება თუ არა ეს პროცესი ჩვენი მზის გარშემო პლანეტების ჩამოყალიბების პროცესისგან".

"ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ეგზოპლანეტების მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასპექტი ისაა, რომ ჩვენ მიერ აღმოჩენილი არც ერთი პლანეტარული სისტემა არ ჰგავს მზის სისტემას", — ამბობს NASA-ს JPL-ის მეცნიერი, ჯენიფერ ბარტი.

"ეს სისტემები სავსეა პლანეტებით, რომელთა ზომები დედამიწისა და ნეპტუნის ზომებს შორის მერყეობს და რომელთა ორბიტები მერკურის ორბიტაზე კიდევ უფრო მოკლეა, ამიტომ მზის სისტემაში არ გაქვს ისეთი მაგალითი, რომელსაც მათ შევადარებთ. ახალაღმოჩენილი ეგზოპლანეტა კი უცნაურია, თუმცა იგი მაინც ჰგავს გარკვეულწილად მზის სისტემის პლანეტებს. აქამდე შემჩნეული ეგზოპლანეტების უმეტესობასთან შედარებით, რომელთა ტემპერატურა ასობით და ათასობით გრადუს ცელსიუსს აღწევს, TOI-1231 b საკმაოდ გრილია".

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.