რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, პარტიაში პრობლემები შეთანხმების დოკუმენტის ხელმოწერის შესაძლებლობის განხილვიდანვე დაიწყო. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლების გადაცემაში ისაუბრა.

"ფრაქციის შექმნის საკითხი პარტიაში ამ პერიოდის მანძილზე იხილებოდა, მაგრამ მე ასე ვიტყოდი — პარტიაში პრობლემა დაიწყო შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შესაძლებლობის განხილვის პერიოდიდანვე. როცა პარტიის გადაწყვეტილებით მე ხელი მოვაწერე, ამას არ შეუერთდა თამარ კორძაია. მისი გადაწყვეტილება იყო, ბლოკის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება. ეს იყო პირველი ნიშანი, გამოვლინება და თვალსაჩინო გახდა ამომრჩევლისთვის, რომ უთანხმოება გვაქვს, თუმცა ამ ხნის მანძილზე ჩვენ ვცდილობდით, დაგვეახლოვებინა მაინც პოზიციები და ეს ვერ შევძელით.

არ ვფიქრობ, რომ ტექნიკური ფრაქცია იყო ძირითადი მიზეზი. ამაზე ადრეც ვსაუბრობდით, ეს არ არის არც იდეოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებული, ხელს არ უშლის ჩვენი თემების წინ წამოწევას. ეს არის ინსტრუმენტი პარლამენტში უფრო ეფექტურად მუშაობის, არ ზღუდავს არავის თავისუფლებას", — განაცხადა მან.

დღეს, 8 ივნისს რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი პარლამენტში მივიდა და თქვა, რომ ჯერჯერობით, არცერთ ფრაქციაში გაერთიანებას არ აპირებს. კორძაიამ რესპუბლიკური პარტია 4 ივნისს დატოვა. მან მიზეზად რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილება დააასახელა, რომლის თანახმად, პარტია "შარლ მიშელის სამუშაო ჯგუფის" ფრაქციაში გაერთიანდა. მისი თქმით, პარტიის ორ წევრს, მას და ხათუნა სამნიძეს ოპოზიციასთან თანამშრომლობა უფრაქციოდ უნდა გაეგრძელებინა.