მედიკამენტი, რომელმაც ახლახან აშშ-ს საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) დასტური მოიპოვა, 2014 წლის შემდეგ პირველ წონის დასაკლებ წამალს წარმოადგენს, რომელიც სააგენტომ დაუშვა.

Wegovy წონის მენეჯმენტის თერაპიაა, რომელსაც დანიური ფარმაცევტული კომპანია — Novo Nordisk აწარმოებს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს სრულებით ახალ სამკურნალო საშუალებას სულაც არ წარმოადგენს. იგივე წამალი, სახელად სემაგლუტიდი აშშ-სა და სხვა ქვეყნებში წლების მანძილზე გამოიყენებოდა დიაბეტის საწინააღმდეგოდ. თუმცა, ცოტა ხნის წინ აღმოჩნდა, რომ სემაგლუტიდი მძლავ და ეფექტიან მადის დამაქვეითებელ საშალებასაც წარმაოდგენს.

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული კვლევაში, რომელიც 16 სხვადასხვა ქვეყნის 2000-მდე ჭარბწონიანი და სიმსუქნის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანის მონაცემებს მოიცავს, მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ ამ მედიკამენტით მკურნალობის შედეგად მონაწილეებმა წონაში საშუალოდ 15%-ით დაიკლეს. აღსანიშნავია, რომ გუნდის დაახლოებით 30%-მა სხეულის წონის 20%-იც კი დაიკლო, რაც, მეცნიერების თქმით, ნამდვილად შესანიშნავი შედეგია.

"მეცნიერებმა მედიკამენტით პირველად შეძლეს იმის მიღწევა, რაც აქამდე მხოლოდ ქირურგიით იყო მიღწევადი. აღსანიშნავია, რომ წონის ასეთი მკვეთრი კლება აქამდე არც ერთ მედიკამენტს არ გამოუწვევია ადამიანებში", — განაცხადა მაშინ რეიჩელ ბეთერჰემმა, სიმსუქნის მკვლევარმა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან.

FDA-მ პარასკევს განაცხადა, რომ Wegovy-ის (სემაგლუტიდი) გამოყენება ქრონიკული წონის მენეჯმენტისთვის დადასტურებულია ჭარბწონიან ან სიმსუქნის ზღვარს მიღმა მყოფ ადამიანებში, რომლებსაც წონასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის ერთი პრობლემა მაინც აღენიშნება (მაღალი წნევა, მეორე ტიპის დიაბეტი ან ქოლესტერინის მაღალი დონე).

თერაპიის ეს მეთოდი, რომელსაც აშშ-ში Novo Nordisk, სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოს ჩაუშვებს, ორგანიზმს ჰორმონ გლუკაგონის მსგავს პეპტიდ-1-ს (GLP-1) ს აწვდის, რაც მიმღებს თავს დანაყრებულად აგრძნობინებს, შედეგად კი პაციენტი ნაკლებ საკვებს იღებს. მკურნალობა მოიცავს პაციენტებში წამლის ინექციას კვირაში ერთხელ.

Wagovy-ის კვლევის პროცესში FDA-მ ოთხი სხვადასხვა ჯგუფის კლინიკური კვლევის მონაცემები შეისწავლა. კვლევა 68 კვირას გრძელდებოდა და მასში დაახლოებითთ 4500 პაციენტი მონაწილეობდა, რომლებიც იღებდნენ ან Wegovy-ის, ან პლაცებოს.

Novo Nordisk-მა განაცხადა, რომ ჭარბწონიანებმა, რომლებმაც Wegovy მიიღეს და რომლებსაც არ ჰქონდათ მეორე ტიპის დიაბეტი, 68 კვირის მანძილზე სხეულის სრული წონის საშუალოდ 17-18% დაიკლეს. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის მანძილზე მათ ჰქონდათ კვების გეგმა, იღებდნენ შედარებით ნაკლებ კალორიებს დღის მანძილზე და დაკავებულნი იყვნენ ფიზიკური აქტივობითაც.

რაც შეეხება პლაცებოს ჯგუფს, მიუხედავად იმისა, რომ ეს პაციენტებიც ცხოვრების ისეთივე სტილს მისდევდნენ, როგორსაც დანარჩენები, მათში წონის კლების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი იყო. ამ ოთხი კვლევიდან ერთ-ერთში, რომელშიც Wegovy-ის გუნდმა საშუალოდ სხეულის წონის 14.9% დაიკლო, პლაცებოს გუნდში იგივე მაჩვენებელი სულ რაღაც 2.4% იყო. აქედან გამომდინარე ცხადია, რომ სემაგლუტიდი ადამიანებს ნაკლები საკვების მიღებასა და წონის კლებაში ეფექტიანად ეხმარება.

იქიდან გამომდინარე, რომ აშშ-ში 20 წლის ზემოთ ზრდასრული ადამიანების 73.6% (თითქმის 3/4) არიან ან ჭარბწონიანები, ან სიმსუქნის ზღვარს მიღმა, FDA-ს დასტურის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ Wegovy შესაძლოა ათასობით ამერიკელს წონასთან დაკავშირებულ დაავადებებთან გამკლავებასა და კვების სტილის შეცვლაში დაეხმაროს.

აღსანიშნავია ისიც, რომ Wegovy ჯგუფის პაციენტები კვლევის ფარგლებში განიცდიდნენ მსუბუქ და ზომიერ გვერდით ეფექტებს, როგორებიცაა გულისრევა, დიარეა, ყაბზობა და მუცლის ტკივილი. ზოგიერთი მონაწილისთვის ეს დისკომფორტიც საკმარისი იყო მკურნალობის შესაწვეტად, მაგრამ მათ, რომლებსაც ეს გვერდითი ეფექტები არ გამოუვლინდა — ან მოთმინებით აიტანეს მათი ზემოქმედება — მნიშვნელოვანი წონის კლება განიცადეს.

Novo Nordisk-ის წამლის ფასი ჯერ დადასტურებული არაა, თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ დაზღვევის გარეშე აშშ-ში ამ წამლის ღირებულება 1 300 დოლარი იქნება. ეს ნიშნავს, რომ ბევრი ამერიკელისთვის ახლო მომავალში Wegovy ხელმისაწვდომი ნამდვილად არ იქნება.