ქართული ოცნების დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შესვლამდე, ალბათ, "პუფის" საყიდლად წავიდა, რომ გვერდით "თავიანთ თავს მიუდგან". ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია, მათი გატეხილი სიტყვა, მათი არათანმიმდევრული ნაბიჯები. ჯერ რომ კანონი ვერ აღსრულდებოდა ნაციონალური მოძრაობის თავზე, ეს სახელმწიფომ შეასრულა პირნათლად. შემდეგ იყო, რომ ვინც მელიას გირაოს გადაუხდიდა, ის იქნებოდა მტერი. როგორც ჩანს ევროკავშირი არის მტერი, მაგრამ ეს გირაო მიიღეს. შემდეგ იძახდნენ, ვინც საკანონმდებლო ორგანოში შევიდოდა, იქნებოდა ცარიელი პუფი, აქედან გამომდინარე, რომ შემოდიან, ალბათ, პუფის საყიდლად არიან წასულები, რომ გვერდით თავიანთ თავს მიუდგან", — თქვა მან.

დღეს, 8 ივნისს ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში პირველად მივა. 30 მაისს პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად ამისა, პარტია შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს შემდეგ გახდა ცნობილი. იმავე დღეს საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიესალმებიან, მაგრამ წუხან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერის გამო.