ნატალი ემანუელს მრავალ ცნობილ სატელევიზიო თუ კინო პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა მაყურებლების დიდი ნაწილი მას, ალბათ, სერიალიდან Game of Thrones (სამეფო კარის თამაშები) იცნობს.

HBO-ს ამ საკულტო სატელევიზიო შოუში მისანდეის როლის შემსრულებელმა ერთ-ერთ პოდკასტში სწორედ ამ ცნობილ სერიალში მიღებული როლის გავლენაზე ისაუბრა, უფრო კონკრეტულად კი იმაზე, თუ როგორ იმოქმედა შიშველ სცენაში თამაშმა მის შემდგომ კარიერაზე.

"როცა სამეფო კარის თამაშებში ვმონაწილეობდი, დავთანხმდი კონკრეტულ შიშველ სცენებში გადაღებას. ამის შემდეგ კი გაჩნდა წარმოდგენა, რომ სხვა პროექტებშიც, სადაც როლზე გაშიშვლება იყო საჭირო, მარტივად დავთანხმდებოდი, რადგან ეს უკვე ერთ სერიალში გავაკეთე", — ამბობს ნატალი ემანუელი.

ნატალი ემანუელი სერიალში Game of Thrones.

ფოტო: HBO

ცნობილი ბრიტანელი მსახიობის თქმით, ყველას მოლოდინი ჰქონდა, რომ მარტივად დათანხმდებოდა ისეთ როლებს, სადაც გაშიშვლება იყო საჭირო:

"ხალხს არ ესმის, რომ მე დავთანხმდი კონკრეტულ პირობებს ერთ კონკრეტულ პროექტში და ეს სხვა ყველა პროექტზეც ავტომატურად სულაც არ ვრცელდება. ამის მიუხედავად, ცდილობდნენ, დავერწმუნებინე, რომ ესა თუ ის როლი აუცილებლად მოითხოვს ამას, მე კი ვპასუხობდი: "გასაგებია, თუ ასე ფიქრობთ, მაგრამ მე თავს კომფორტულად არ ვგრძნობ, რომ ამაში მივიღო მონაწილეობა".

იქვე ისიც დაამატა, რომ საბედნიეროდ, უმრავლეს შემთხვევაში მის პოზიციას გაგებით ეკიდებოდნენ.

"ათიდან ცხრა შემთხვევაში ადამიანები უფრო გამოსავლის პოვნაზე არიან ორიენტირებულები და კომპრომისზეც მიდიან", — განაცხადა ნატალი ემანუელმა.

ნატალი ემანუელის მონაწილეობით ცოტა ხნის წინ გამოვიდა ფორსაჟის მეცხრე ფილმი.