პერფექციონიზმი საოცრად დამღლელია და მას ჩვენი გაუბედურებაც კი შეუძლია. The Atlantics-ის ჟურნალისტი, არტურ ბრუკსი გვიყვება, თუ როგორ გამოვიმუშაოთ შეცდომების დაშვების გამბედაობა.

წლები ვებრძოდი მარცხის შიშს. ზრდასრულობის პირველი პერიოდი პროფესიონალი მესაყვირე ვიყავი, კამერული მუსიკის ანსამბლებსა და ორკესტრებში ვუკრავდი. კლასიკური მუსიკა სახიფათო რამაა — ის მთლიანად სიზუსტეზეა აგებული. იქიდან გამომდინარე, რომ ფრანგული საყვირის დაკვრისას ნოტების გამოტოვება მარტივია, ყოველ კონცერტზე შესრულება აკრობატულ ილეთს ჰგავდა. სოლო პარტიის დაკვრისას ერთი შეცდომაც საკმარისი იყო და გმირიდან ხელმოცარულად გარდავისახებოდი. სრულ შიშში ვცხოვრობდი, ამან კი ჩემი ცხოვრება და ჩემი საქმე ტანჯვად აქცია.

ჩაფლავებისა და წარუმატებლობის შიში მხოლოდ მესაყვირეების პრობლემა არ არის. სხვის თვალში ცუდად გამოჩენა უდავოდ ისეთი რამაა, რასაც ყველა ვერიდებით ხოლმე. ეს ხსნის, მაგალითად, იმას, თუ რატომაა საჯაროდ სიტყვით გამოსვლა სტუდენტებში ყველაზე გავრცელებული შიში. ზოგიერთი მკვლევარი იმასაც კი ამტკიცებს, რომ ადამიანები მას სიკვდილზე მეტად უფრთხიან. მარცხის შიში სულაც არ არის ის თვისება, რომელიც მხოლოდ ახალგაზრდას ან გამოუცდელს შეიძლება ჰქონდეს. 2018 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე მყოფი ადამიანების 90%-მა "აღიარა, რომ ყველაფერზე მეტად სწორედ მარცხის შიში არ აძინებთ ღამე".

ეს შფოთიანობის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც, როგორც ჩანს, სულ უფრო გავრცელებული ხდება. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, იმ ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებსაც ბიზნესის წამოწყების კარგი შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ წარუმატებლობის შიშის გამო არც კი ცდილობენ შანსის გამოყენებას, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მუდმივად იზრდება.

ფოტო: Francesco Ciccolella

ამ ტენდენციას რამდენიმე შესაძლო ახსნა აქვს: სოციალური მედიის ეპოქაში ჭიანჭველები მარტივად იქცევიან სპილოებად — პატარა შეცდომა, ფეხის აცურებაც კი შეიძლება, რომ სამყაროს დასასრულის მსგავს მოვლენად წარმოჩნდეს. ამასთანავე, ბეიბი ბუმერების თაობის მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს თავიანთი მილენიალი და ჯენზი შვილებისთვის, რომ ისინი პატარა რისკებისა და მარცხებისგან დაეცვათ. არადა, მცირე რისკის გაღებაც და წარუმატებლობაც აუცილებელია იმ ემოციური სიმტკიცის გამოსამუშავებლად, რომელიც მომავალში ზრდასრულობის გარდაუვალ, უფრო დიდ მარცხებთან გამკლავებაში გვეხმარება.

რადგან ეს ტენდენცია სამეწარმეო სფეროზეც მოქმედებს, ის ჩვენი საერთო მომავლისთვისაც ცუდია. თუმცა სტარტაპების ბედზე მეტად მე იმ წამოწყებათა სიმწირე უფრო მაღელვებს, რომელთა ფუნქციაც ბედნიერი ცხოვრების მოწყობაა. წარუმატებლობის შიშს გასაოცრად უსიამოვნო შედეგები მოჰყვება და პირდაპირ ახდენს გავლენას ჩვენს კეთილდღეობაზე. ზოგჯერ მას დამაუძლურებელი შფოთვისა და დეპრესიის გამოწვევა შეუძლია და იქჩიფობიის სახელით ცნობილ დიაგნოსტირებად აშლილობამდე მივყავართ. თუმცა მსგავსი შიში დაავადების განვითარებამდეც კი სახიფათოა — ის ცხოვრების სახალისო, მაცოცხლებელ თავგადასავლებს გვაშორებს, რადგან გვაიძულებს, რისკებზე წასვლასა და ახალი გამოცდილებების მიღებას თავი ავარიდოთ.

ფოტო: Francesco Ciccolella

მარცხის შიშს რამდენიმე გამომწვევი მიზეზი აქვს და მათგან ზოგიერთი ჩვენთვის ცხადი სულაც არ არის. პირველი მიზეზი, რაც თავში მომდის, კონკრეტული ცუდი შედეგის შიშია. მაგალითად, შესაძლოა, ჩემი უფროსის წინაშე პრეზენტაციის წარდგენაზე ვღელავდე, რადგან თუ კარგად არ წარვდგები, ის არ დამაწინაურებს, რაც პირდაპირ აისახება ჩემს კარიერაზე.

თუმცა მარცხის შიშს ყველაზე მეტად გაურკვევლობა და შედეგის არცოდნა უნდა ასაზრდოებდეს — ყოველ შემთხვევაში, იმათთვის მაინც, ვისაც ძლიერი შფოთიანობა აწუხებთ. ლონდონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა ახლახან შემდეგი კვლევა ჩაატარეს: ექსპერიმენტში მონაწილეებს საშუალება მისცეს, აერჩიათ ან აზარტული თამაში გარანტირებული ჯილდოთი ან ფსონები პოტენციურად უფრო მაღალი მოგებითა და წაგებით.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც შფოთიანობით იტანჯებოდნენ, ვერ წყვეტდნენ, რომელი არჩევანი მოაპოვებინებდათ საუკეთესო სავარაუდო ჯილდოს. რისკზე წასვლის შიშის შედეგი ისაა, რომ თუ მარცხზე ღელავ, სინამდვილეში, იმის არცოდნა უფრო გსტრესავს, მართლა ჩაფლავდები თუ არა, ვიდრე — რეალური შედეგი.

კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც მარცხის ძლიერი შიში აწუხებთ, ორი სახასიათო თვისება აქვთ: მიზნის მიღწევის დაბალი მოტივაცია და მაღალი შფოთიანობა იმაზე, რომ გადამწყვეტ მომენტში წარუმატებლობას განიცდი. სწორედ პირველი მახასიათებლის გამოა, რომ ამ ტიპის ადამიანები მიზნის მიღწევისას სიამოვნებას ვერ იღებენ. სხვა სიტყვებით, ისინი მოცემული პროცესისას არც გამარჯვების ჟინით არიან შეპყრობილები და არც რაიმე ღირებულის მიღებაზე კონცენტრირებულნი — ისინი ამ დროს შესაძლო მარცხის გამო შფოთავენ. ეს ის ერთ-ერთი მახასიათებელია, რომელიც პერფექციონიზმს უდებს სათავეს და წარმატებულ და წარუმატებელ ადამიანებში თანაბრად იჩენს თავს.

უფრო მეტიც, პერფექციონიზმი და მარცხის შიში მეგობრები არიან. ორივე გვარწმუნებს იმაში, რომ წარმატების მიღწევა არა რაიმე კარგის გაკეთება, არამედ ცუდის არჩადენაა. თუ მარცხის შიში გაწუხებთ, ზუსტად მიხვდებით, რაზეც ვსაუბრობ. წარმატებისკენ სწრაფვა ამაღელვებელი მოგზაურობა უნდა იყოს საოცარი საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ. როგორც ალპინისტმა ჯორჯ მელორიმ თქვა, უნდა მიაღწიო მთის მწვერვალამდე, რადგან "ის იქ არის".

ფოტო: Francesco Ciccolella

ამის ნაცვლად კი, წარუმატებლობის შიშით შეპყრობილისთვის ცოცვა დამღლელი პროცესია, რადგან მთელი ჩვენი ენერგია იმისკენაა მიმართული, რომ კლდიდან არ ჩამოვვარდეთ.

უცნაურია, მაგრამ, იმისთვის, რომ უშიშრებად და ბედნიერებად ვიქცეთ, სულაც არ არის საჭირო, მარცხის შიში გავაქროთ. ამის ნაცვლად, წარუმატებლობის შიშისგან გათავისუფლება გამბედაობის მოპოვებითაა შესაძლებელი. 1980-იან წლებსა და მომდევნო ათწლეულებში ფსიქოლოგმა სტენლი რაჩმენმა ეს თავისი კვლევით დაამტკიცა, რომელიც სახიფათო პოზიციებზე მომუშავე ადამიანებზე, პარაშუტისტებსა და ბომბის განმაიარაღებლებზე ჩაატარა. ცხადია, პროფესიიდან გამომდინარე, ეს ადამიანები ყველაზე ძლიერ განიცდიან მარცხის შიშს, რადგან პატარა შეცდომაც სიცოცხლის ფასად შეიძლება დაუჯდეთ. ამის მიუხედავად, ისინი ყოველდღე წარმოუდგენელი გამბედაობით სძლევენ ამ შიშს. როგორც რაჩმენი ამბობს, სრული უშიშრობა არანორმალური და სახიფათოც კი არის, რადგან მას შეუძლია გვაიძულოს, მუდმივად წავიდეთ გაუმართლებელ რისკებზე და, ამის გარდა, ცუდ ლიდერებადაც ჩამოვყალიბდეთ. აი, გამბედაობა კი წინდახედულობას გვანარჩუნებინებს მაშინაც, როცა საქმე უბრალოდ საოფისე კონფლიქტის ჩაცხრობას ეხება.

ამგვარად, ჩვენ წარუმატებლობის შიშის სამი გამომწვევი მიზეზი გვაქვს: გაურკვევლობის თავიდან არიდების სურვილი, ყოველთვის იდეალურად წარმოჩენის მოთხოვნილება და გამბედაობის ნაკლებობა. ეს სამივე მახასიათებელი დამოუკიდებლადაც მავნე თვისებებია. სწორედ ამიტომ მარცხის შიშთან დაპირისპირება მეტია, ვიდრე, უბრალოდ, ერთ პრობლემასთან გამკლავება; ეს პიროვნული ზრდის შესაძლებლობაა.

მსგავსი პიროვნული ზრდა კი ამ სამი მეთოდით შეგიძლიათ დაიწყოთ:

1. კონცენტრირდით აწმყოზე

ფოტო: Francesco Ciccolella

ერთხელ ონკოლოგს ვესაუბრე იმაზე, თუ როგორი იყო ადამიანებისთვის ბოლო სტადიის კიბოს დიაგნოზის შეტყობინება. მან მითხრა, რომ ზოგიერთი პაციენტი, — ისინი, რომლებსაც საკუთარი ცხოვრების ყოველი დეტალის კონტროლის სურვილი აქვთ, — მაშინვე სახლში მიდიოდა, შემდეგ კი თავისი დიაგნოზისა და მოსალოდნელი პროგნოზის შესახებ მეტი ინფორმაციის მოსაძიებლად ინტერნეტში იქექებოდა. ექიმი მათ ურჩევდა, რომ ასე არ მოქცეულიყვნენ, რადგან ეს მათ კიდევ უფრო აანერვიულებდა.

ამის ნაცვლად ექიმი პაციენტებს ეუბნებოდა, რომ ყოველი დღე ამ მანტრით დაეწყოთ: "არ ვიცი, რა მოხდება მომდევნო კვირას ან მომავალ წელს. მაგრამ ის კი ვიცი, რომ დღევანდელი დღე მებოძა და მას ტყუილად არ დავხარჯავ". ექიმმა თქვა, რომ ეს პაციენტებს არა მხოლოდ დიაგნოზის გადატანაში ეხმარებოდათ, არამედ მათ ცხოვრებისეულ ხედვასაც უცვლიდა.

ზუსტად იმავეს ვურჩევდი იმ ადამიანებს, რომლებსაც მარცხის შიში აწუხებთ. მართეთ უცნობი მომავალი ნაცნობი აწმყოსადმი მადლიერებით და ნახეთ, როგორ გაძლიერდება თქვენი ბედნიერება, როცა იმით ისიამოვნებთ, რაც ცხვირწინ გაქვთ.

2. წარმოისახეთ გამბედაობა

ფოტო: Francesco Ciccolella

როგორც დასაწყისში ვახსენე, მარცხის შიშის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა საჯაროდ სიტყვით გამოსვლაა. ზოგიერთ ადამიანს ამის გაფიქრებაც კი აშფოთებს. ამ პრობლემის გადაჭრის გზა მარტივია: ხშირად გამოდით სიტყვით. ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ყოველდღე ქუჩაში გახვიდეთ და ხალხს მიმართოთ. დამტკიცებულია, რომ ვირტუალური რეალობის გამოყენებით საჯარო გამოსვლისას არსებული გარემოს სიმულაცია ადამიანებში შიშს მნიშვნელოვნად ამცირებს.

ამ მეთოდის გამოყენება ნებისმიერს შეუძლია — მაშინაც კი, თუ ვირტუალურ რეალობაში აღმოჩენისთვის საჭირო მოწყობილობა არ გაქვთ. ამისთვის კონცენტრაცია და ფანტაზიის უნარიც საკმარისია. იმის ნაცვლად, რომ თქვენს ფიქრებშიც კი გაექცეთ საკუთარ შიშებს, უმჯობესია, ყოველდღე ცოტაოდენი დრო დაახარჯოთ გონებაში გარკვეული სურათების, თუნდაც შესაძლო წარუმატებლობის სიუჟეტების, წარმოსახვას. წარმოიდგინეთ, რომ შიშის განცდის მიუხედავად, მაინც მამაც საქციელს ჩადიხართ.

ამ მეთოდს მაშინ ვიყენებდი, როცა ვასწავლიდი: წარმოვიდგენდი როგორც ყოველდღიურ მარცხებს — მაგალითად, კონსპექტების სახლში დარჩენას, ისე აბსურდულებსაც — მაგალითად, ლექციის შუაში იმის გააზრებას, რომ შარვლის ელვა გახსნილი მაქვს (რაც ერთხელ რეალურად შემემთხვა კიდეც). შედეგად კი შევამჩნიე, რომ კლასის წინ საუბრისას მეტად გაბედული გავხდი.

3. წარმოთქვით თავმდაბლობის ლიტანია

ფოტო: Francesco Ciccolella

დანტეს ღვთაებრივ კომედიაში ეშმაკი თავისი უსაზღვრო სიამაყის მსხვერპლად წარმოგვიჩნდება — ის წელს ქვემოთ იმ ყინულის ფენის ქვეშაა მოქცეული, რომელიც თვითონ შექმნა. პერფექციონიზმიც და მარცხის შიშიც სიამაყის ამ ყინულის ზღვას ჰგავს: ის ერთ ადგილას გყინავს იმ აზრებში, თუ რას იფიქრებენ სხვები შენზე; ან უარესი — რას იფიქრებ შენ საკუთარ თავზე, თუ რაღაც წარმატებით არ გამოგივა.

დანტეს კათოლიკური მგრძნობელობის ამ პრობლემას გადაჭრის გზაც აქვს, მაგრამ ამისთვის სულაც არ არის საჭირო, რომ რელიგიურები ვიყოთ. მე-20 საუკუნის დასაწყისში ესპანელმა კარდინალმა, რაფაელ მერიდელ ვალ ი ზულუეტამ ერთი ლამაზი ლოცვა დაწერა, რომელსაც თავმდაბლობის ლიტანია ჰქვია. ლოცვაში ავტორი ითხოვს არა იმას, რომ უფალმა დამცირება აგვარიდოს თავიდან, არამედ იმას, რომ მოგვცეს მადლი, მისადმი შიშს გავუმკლავდეთ: "დამცირების შიშისგან / მიხსენი, ო, იესო / მიხსენი საძულველად ქცევის შიშისგან / საყვედურების გამო ტანჯვის შიშისგან / ცილისწამების შიშისგან /დავიწყების შიშისგან / დაცინვის შიშისგან".

განურჩევლად იმისა, რელიგიური ხართ თუ არა, შექმენით ამ თავმდაბლობის ლიტანიის თქვენებური ვერსია და ხმამაღლა იმეორეთ ყოველ ღამე — მაშინაც კი, თუ სათხოვარი სასაცილოდ ჟღერს("ფაუერფოინთის პრეზენტაციის წარდგენისას ჩაფლავების შიშისგან მიხსენი"). თუ გათავისუფლება გსურთ, აუცილებლად უნდა აღნიშნოთ და ხაზი გაუსვათ თქვენს სურვილს. მხოლოდ მაშინ შეწყვეტს თქვენი შიში ფანტომად ყოფნას და კონკრეტულ ფორმას მიიღებს, რომლის განადგურებაც შესაძლებელია.

ფოტო: Francesco Ciccolella

თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ სტრატეგიებს ზედმეტად ბევრი დრო სჭირდება, არსებობს კიდევ ერთი უტყუარი მეთოდი გამბედაობის ჩამოყალიბებისა და მარცხთან გამკლავებისთვის: დამარცხდით. და შემდეგ გაუმკლავდით იმ ბნელ უცნობ შედეგს, რომელიც მას მოჰყვება. მე ზუსტად ამ მიდგომამ განმკურნა.

როგორც დასაწყისში ვახსენე, შეცდომების დაშვების შიშმა ჩემი მუსიკალური კარიერა აუტანლად აქცია. თუმცა, იმაში კი გამიმართლა, რომ ჩასაბერ ინსტრუმენტზე ვუკრავდი და ჩემს პირს საჯაროდ სიტყვის გამოსვლისთვის არ ეცალა. მაგრამ ერთხელაც დადგა ის დღე, როცა ნიუ-იორკში, კამერული მუსიკის კონცერტზე პატარა, დაახლოებით ორწუთიანი სიტყვით გამოსვლა დამევალა — მოკლედ უნდა მესაუბრა იმ ნაწარმოებზე, რომელსაც ჩემი ანსამბლი შეასრულებდა. შიშისგან ვკანკალებდი, მაგრამ სკამს მოვშორდი და სცენის წინა ნაწილში დავდექი. შემდეგ კი ისე მოხდა, რომ მოულოდნელად წონასწორობა დავკარგე და, პირდაპირი მნიშვნელობით, მაყურებელში გადავეშვი. ამ დღის შემდეგ ათწლეულები გავიდა, თუმცა ეს სცენა კვლავ თვალწინ მიდგას, თან შენელებულ კადრად: ვვარდები, აუდიტორია კი გაოცებისგან ოხრავს. ინსტრუმენტი დაზიანდა, ხელიც დამიშავდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაშინვე იმპულსურად წამოვიწიე და დავიძახე: "კარგად ვარ, მეგობრებო!".

წლების შემდეგ კვლავ ამ გამოცდილებას ვიხსენებ და მეცინება. თუმცა ეს უბრალოდ სასაცილო მოგონება არაა — ეს წარმოუდგენლად ძვირფასი საჩუქარიც იყო. იმის გათვალისწინებით, რომ იმ დღეს თავის დამცირებაში სუფთა ათიანი მივიღე, ახლა უკვე ძალიან ცოტას ვდარდობ იმაზე, სხვის თვალში დასაცინი გავხდები თუ არა. შედეგად, უფრო ბევრ რისკზე მივდივარ და საკუთარ ხასიათს ისე დაუფარავად წარმოვაჩენ, როგორც ინციდენტამდე ვერც კი წარმოვიდგენდი.

მე მარცხმა გამათავისუფლა.