დეკანოზი ილია ჭიღლაძე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას თანადგომას უცხადებს. ასე გამოეხმაურა ის ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის ლიდერის, ლევან ვასაძის მიერ ომბუდსმენის ოფისთან აქციის გამართვას.

"ჩემი, როგორც ერთი მართლმადიდებელი მღვდლის თანადგომა გავეშებული ფანატიკოსების და რუსეთუმეების ორგანიზებული თავდასხმების დროს ქალბატონ ომბუდსმენს, ნინო ლომჯარიას! უფალი გფარავდეთ, რათა დაიცვათ ადამიანთა კანონიერი უფლებები და სამოქალაქო ცივილიზაცია ამ ბნელეთის ადეპტების ბობოქრობის დროს, შესძლოთ დაიცვათ ჰუმანიზმის პრინციპები და საქართველოს აარიდოთ ფსევდოქრისტიანული "ირანიზაცია-კრემლიზაცია", — წერს ილია ჭიღლაძე.

დღეს, 7 ივნისს, ძალადობრივმა ჯგუფებმა სახალხო დამცველის ოფისთან საპროტესტო აქციას გამართეს. ნინოწმინდაში არსებულ ვითარებაზე შეფასების გამო ომბუდსმენის ოფისთან შეკრებილი ათეულობით ადამიანი, ნინო ლომჯარიას გადადგომას ითხოვდა და მეუფე სპირიდონს მხარდაჭერას უცხადებდა.

აქციაზე მისულები იყვნენ ჰომოფობიური და ძალადობრივი მოძრაობის ლიდერი, ლევან ვასაძე და ალტ-ინფოს წარმომადგენლები. სიტყვით გამოსვლისას ლევან ვასაძემ "ცილისწამების" გამო ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დასჯა მოითხოვა.

ნინოწმინდის პანსიონი ამ ეტაპზე სულ 20-მა არასრულწლოვანმა დატოვა, მათ შორის 7 შშმ პირია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების გამოყვანის გადაწყვეტილება 5 ივნისს მიიღო. ანა არგანაშვილის განმარტებით, კანონის მიხედვით მათი ორგანიზაცია არის სპეციალური მოსარჩელე შშმ ბავშვებისთვის და სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილება მათთან დაკავშირებით იქნა მიღებული. თუმცა, მისივე თქმით, მთელი გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ იქ საფრთხე ყველა ბავშვისთვისაა, ყველა ბავშვის სიცოცხლე შეიძლება იყოს საფრთხეში და ეს ტექნიკური დეტალი მხოლოდ სამართლებრივი ტექნიკაა.

საპატრიარქოში განაცხადეს, რომ გაასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ.

რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში

15 აპრილს სახალხო დამცველის წარმომადგენელი საპატრიარქოს ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა. განმარტება გააკეთა თავად სპირიდონმაც და ჰომოფობიური მიზეზი დაასახელა — მისი თქმით, პანსიონში ომბუდსმენის წარმომადგენლებს იმიტომ არ უშვებს, რომ "ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვენ და ასეთებს თავის ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მისცემს".

ამის შემდეგ ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მთავრობისგან ნინოწმინდის პანსიონში ყველა შესაბამისი უწყების მიერ მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა მოითხოვა. სასამართლოს ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა დააკმაყოფილა გაერომ და შესაბამისად, მთავრობა ვალდებულია, უზრუნველყოს მონიტორინგი.

მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველს პანსიონში შესვლის საშუალება ამ დრომდე არ ეძლევა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში კი 4 ივნისს განაცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც ბავშვთა ზრუნვის სამსახურს შესაძლებლობა მიეცა შესულიყო პანსიონში და თავისი საქმიანობა განეხორციელებინა, 6-მა ბავშვმა დაწესებულება დატოვა, ხოლო ათთან მუშაობა მიმდინარეობს. ამას მოჰყვა პანსიონის დირექტორის, მეუფე სპირიდონის ფსიქოლოგიური ძალადობა იმ ბავშვებზე, რომლებმაც წასვლის სურვილი გამოთქვეს. სასულიერო პირმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბავშვებს ეკითხება, ნამდვილად უნდათ თუ არა წასვლა პანსიონიდან და პარალელურად, ესაუბრება მათ მშობლებს. ვიდეოში ჩანს ბავშვის ტირილი, რამდენიმე მოზარდის სახე, ასევე, სპირიდონი ამბობს მათ სახელებს. ამ ყველაფერს ესწრებიან, სავარაუდოდ, სოციალური მუშაკები, რომლებსაც, ვიდეოს მიხედვით, ფაქტზე რეაგირება არ აქვთ.

პანსიონში არ უშვებენ მედიასაც, თუმცა გამონაკლისი აღმოჩნდა პრორუსული Alt-info და TV ობიექტივი, რომელთა სიუჟეტები ეკლესიის დადებითად წარმოჩენას ისახავს მიზნად და ჟურნალისტი პანსიონში "იდეალური პირობების" არსებობას ამტკიცებს.

ნინოწმინდის პანსიონში არსებულ პრობლემებზე სახალხო დამცველი წლებია საუბრობს, მათ შორის, ძალადობაზე და დასჯის შემთხვევებზე. ის, რომ სავარაუდო ძალადობაზე საპატრიარქოს და შესაბამის უწყებებს ინფორმაცია ჰქონდათ, შსს-ს განცხადებითაც დასტურდება. კერძოდ, უწყება ამბობს, რომ 2016 წლიდან დღემდე პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე 5 საქმე აღიძრა — 4 ძალადობაზე და 1 სავარაუდო გაუპატიურებაზე.

1 საქმე მედიაში ბენეფიციარის მიერ ძალადობაზე ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ აღიძრა, თუმცა მანამდე მიმდინარე 4 გამოძიების შედეგი ჯერ დამდგარი არ არის. შსს მიზეზად მტკიცებულებების ნაკლებობას ასახელებს.