ერთ-ერთი რეგიონის რაიონულმა სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელსაც შვილიშვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენა ედება ბრალად. დაზარალებული 10 წლამდე გოგოა და იგი ბრალდებულთან ერთად, ერთ ოჯახში ცხოვრობდა.

არასრულწლოვნის ინტერესებს ორგანიზაცია საფარი იცავს. იურისტის, თამუნა ლუკავას ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება უკვე მეხუთე თვეა მიმდინარეობს, ბავშვმა კი დაზარალებულის სტატუსი დაახლოებით თვენახევრის წინ მიიღო.

"დედამ მოგვმართა დახმარების თხოვნით. გვითხრა, რომ ბავშვი მოუყვა, რომ ბაბუის მხრიდან ჰქონდა გარყვნილი ქმედების ფაქტებს ადგილი. დედამ არ იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო, ვისთვის უნდა მიემართა. ჩვენი კონსულტაციით დარეკა 112-ში, გამოიძახა პოლიცია და დაიწყო საქმეზე გამოძიება", — უთხრა On.ge-ს ლუკავამ.

იურისტის თქმით, გამოძიების პროცესში მნიშვნელოვანი მტკიცებულება იყო თავად დაზარალებული ბავშვის ჩვენება, რომელიც, დაცვის მხარის მოთხოვნით, სპეციალური პროტოკოლის შესაბამისად გამოიკითხა.

"პროტოკოლით გამოკითხვის დროს ბავშვს კითხვებს უსვამს ფსიქოლოგი ბავშვს, მისთვის გასაგები ენით. გამოკითხვის დროს მიმდინარეობს ვიდეო და აუდიო ჩაწერა და ჩვენ — გამომძიებელი, ადვოკატი და სოციალური მუშაკი ან კანონიერი წარმომადგენელი ვესწრებით სხვა ოთახიდან.

როგორც წესი, ჩვენ რა პრაქტიკაც გვქონია, ასეთი ტიპის გამოკითხვის დროს ბავშვები ბევრად უფრო მეტ ინფორმაციას აწვდიან გამოძიებას, ვიდრე მაშინ, როდესაც გამომძიებელი ან პროკურორი კითხავს", — აცხადებს თამუნა ლუკავა.

ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიება ოჯახში ძალადობისა და გარყვნილი ქმედების მუხლებით მიმდინარეობს და საქმე გადაცემულია წინასასამართლო სხდომაზე განსახილველად. რაიონულ სასამართლოში On.ge-ს უთხრეს, რომ მომდევნო სხდომა 29 ივლისსაა ჩანიშნული.