პარტია საქართველოსთვის წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ის განცხადებები, რასაც ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან ისმის გიორგი გახარიას შესახებ, ჭორაობას ემსგავსება, რადგან არგუმენტი და მტკიცებულება არ გააჩნია.

"რამდენიმე დღის წინ ჩვენ მოვისმინეთ მმართველი პარტიის ამჟამინდელი ხელმძღვანელის ცრუ ბრალდებები, რომელიც არაფერს არ ეფუძნება, არავითარ არგუმენტს და მტკიცებულებას არ ეფუძნება, ამასთანავე, ამას მოჰყვა კიდევ მმართველი პარტიის სხვა პირების განცხადებები ამასთან დაკავშირებით. ცალსახად უნდა ითქვას, რომ ასეთი ტიპის ცრუ ბრალდებები, რომელსაც არავითარი არგუმენტი და მტკიცებულება არ გააჩნია, საბოლოო ჯამში ხდება ჭორაობა. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია არის ისევ ისე, რაც ჩენ ბრიფინგზე უკვე დავაფიქსირეთ, რომ ამასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება", — განაცხადა დაუშვილმა.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების წინ ოპოზიციურ პარტიას ალტერნატიული მთავრობის შექმნა ჰქონდა დაგეგმილი და მათ ეს ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ მოქმედ პრემიერს არ გაუმხილეს, რადგან მასზე ეჭვები გაუჩნდათ. კობახიძე პირდაპირ არ ამბობს, რომ გახარია პრემიერობისას ენმ-სთან კავშირში იყო, თუმცა მიანიშნებს, რომ მელიას დაკავების 2-3 დღით გადადებაზე მისი მოთხოვნა ემთხვეოდა ენმ-ს გეგმას 2-3 დღეში ალტერნატიული მთავრობის შექმნაზე. რუსთავი 2-ის ჟურნალისტის დამაზუსტებელ ფრაზას იმის შესახებ, რომ კობახიძე გახარიას მძიმე ბრალდებას უყენებს, ის პასუხობს, რომ "ასე გამოდის".