საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, რატი იონათამიშვილი ვარაუდობს, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარიას ახლადშექმნილი პარტიისთვის — საქართველოსთვის — მომავალი თვითმმართველობის არჩევნები უკანასკნელი იქნება. მისი თქმით, გახარია პოლიტიკაში შემოსვლის მცდელობა არადამაჯერებელია.

"გიორგი გახარიამ პოლიტიკური კარიერა დაასრულა მაშინ, როდესაც გადადგა პრემიერის თანამდებობიდან. ფაქტია, რომ მის მიერ დასახელებული მიზეზები იყო ძალიან უხერხული და უარგუმენტო.

მე ვფიქრობ, რომ ვინც ასე არადამაჯერებლად ცდილობს პოლიტიკაში შემოსვლას, ის სინამდვილეში წარმოადგენს სხვა პარტიების პროექტს. აქედან გამომდინარე, თვითმმართველობის არჩევნები იქნება პირველი ამ პარტიისთვის და ალბათ, უკანასკნელიც", — აცხადებს იონათამიშვილი.

გიორგი გახარიამ საკუთარი პარტია, საქართველოსთვის და მისი ახალი გუნდი 29 მაისს წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას, მან განაცხადა, რომ ქართული ოცნება მოქალაქეების "რეალურ პრობლემებს დაშორდა" და ჩაითვალა, რომ ოპონენტებთან ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თემა იყო. სწორედ ეს დაასახელა მან პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად.

გიორგი გახარია პრემიერმინისტრის თანამდებობდან 18 მაისს გადადგა. მაშინ გადაწყვეტილების მიზეზად ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. საკუთარი პარტიის წარდგენის შემდეგ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "მელია რა თქმა უნდა, დასაკავებელი იყო". მისი თქმით, პრობლემა იყო დაკავების ფორმა.

გაიგე მეტი: