"ჟილეტების აქციის შესახებ საფრანგეთში გსმენიათ რამე? რამდენმა ადამიანმა დაკარგა თვალი, იცით?", — ასე პასუხობს გახარიას გუნდის წევრი, კახაბერ ქემოკლიძე კითხვას 20 ივნისის შესახებ მთავარი არხის ეთერში. ჟურნალისტმა თამარ ბაღაშვილმა მას გავრილოვის ღამის კადრები აჩვენა და გამოყენებული ტყვიების შესახებაც ჰკითხა.

"საფრანგეთში ყვითელი ჟილეტების აქციის დროს, სამწუხაროდ, ყველანი ადამიანები ვართ, 24-მა ადამიანმა დაკარგა თვალი, მაშინ, როდესაც ფრანგული პოლიცია ითვლება ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ, ძლიერ ინსტიტუციად. და რატომ დაკარგეს თვალი იცით? მათ შორის რამდენი ადამიანი დაზიანდა, იცით? ასეულობით ადამიანი და 100-ზე მეტი ჟურნალისტი.

თქვენ რა გგონიათ, ეს კადრები რომ ჩამირთეთ, მე გეტყვით, რომ რა არაჩვეულებრივი რამ ვნახე და დავიწყებ გამართლებას ინდივიდუალური გადაცდომების პოლიციელების, რომლებიც მართლაც ზოგჯერ არასწორი მიმართულებით, ინდივიდუალურად არასწორად იქცეოდნენ რეზინის ტყვიების გამოყენების თვალსაზრისით?", — თქვა ქემოკლიძემ და დასძინა, რომ "რა თქმა უნდა", ინდივიდუალური გადაცდომები იყო.

ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა ინდივიდუალური გადაცდომა დათვის ტყვიების გამოყენება, გახარიას გუნდის წევრმა ასე უპასუხა:

"რომელ ტყვიაზე მესაუბრებით, 4-სანტიმეტრიან რეზინის ტყვიაზე? ეგ არის დათვის ტყვია?".

ამის შემდეგ, ქემოკლიძემ ჟურნალისტს ტყვიების შეხსენებისთვის დიდი მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ამ თემაზე ბევრი სპეკულაცია მიმდინარეობს.

"რა გგონიათ, რა ტყვიები იყო? რეზინის ტყვიები იყო, რომელიც ჩვეულებრივ სპეცეკიპირებაში მასების მართვის მენეჯმენტში ჩვეულებრივ ყველა სახელმწიფოში გამოიყენებოდა და რომელ წელს იყო იცით ნაყიდი ეგ ტყვიები?", — თქვა მან.

ქემოკლიძე ამტკიცებს, რომს ეს ტყვიები 2012 წლის ზაფხულშია შეძენილი. ამასთან, ის ხაზს უსვამს, რომ ეს ტყვია არ არის ლეტალური.

"ის ტყვიები იყო ჩვეულებრივი რეზინის ტყვიები, რომელსაც ზედ აწერია, შეგიძლიათ მოიძიოთ, მათ შორის, ძალიან მარტივი დაგუგლვის საშუალებით, ზედ აწერია... რა აწერია ინგლისურად, იცით? Non Lethal. იცით რას ნიშნავს Non lethal? არალეტალური. ეს ტყვია რომ ახლო მანძილიდან გვესროლონ, რა თქმა უნდა სახიფათოა, მაგრამ ჩვეულებრივი, ქართულად არ მახსოვს როგორ ჰქვია, აი, Software guns რაც არის, ისიც, ორი მეტრის რადიუსით რომ ესროლოს ადამიანმა, ისიც სახიფათოა. ინსტრუქციაში იმასაც უწერია, რომ შეიძლება ლეტალური შედეგი დადგეს. ამიტომ, რა გიკვირთ, ვერ გავიგე...", — თქვა მან.

2019 წლის 20 ივნისს, ანტისაოკუპაციო აქციის დაშლის დროს ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი, რამდენიმემ მხედველობა, დაშავდა ათეულობით მოქალაქე, მათ შორის ჟურნალისტები. იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იყო და აქციის დაშლის ბრძანების გაცემაც მას შეეძლო. მოქალაქეები მის გადადგომას რამდენიმეთვიანი უწყვეტი პროტესტით ითხოვდნენ, თუმცა გახარია დააწინაურეს და პრემიერმინისტრად დანიშნეს. 2021 წლის თებერვალში ის თანამდებობიდან გადადგა, თუმცა პოლიტიკაში რჩება.