სენაკში დაკარგული რვა წლის მოზარდის დაუხმარებლობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული. მდინარე ტეხურაზე კი, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ On.ge-ს შსს-ში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, პირი სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით დააკავეს. ამ მუხლით პასუხისმგებლობა პირს დაუხმარებლობის გამო ეკისრება.

"სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობა, თუ დამნაშავეს შეეძლო მისი დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, აგრეთვე დახმარების საჭიროების შეუტყობინებლობა სათანადო დაწესებულებისათვის ან პირისათვის ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე,"- წერია კოდექსში.

შსს-ს ინფორმაციით, მოზარდი მდინარეში ჯართის შეგროვებისას ჩავარდა. მისი გაუჩინარების შესახებ იფნორმაცია 23 თებერვალს გავრცელდა.