ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარი, რომელმაც ბავშვების მიმართ ძალადობასა და ბულინგზე ისაუბრა, აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია საპატრიარქოს წლების წინ მიაწოდა, თუმცა რეაგირების ნაცვლად მას "ღვთის მოგმე" უწოდეს.

"არაერთხელ გამომიხატავს ინიციატივა, რომ ამ თემაზე ღიად მესაუბრა. მივმართე საპატრიარქოსაც და გავუგზავნე წერილობით დასაბუთებული ჩემივე ცხოვრება, რაც იქ გავიარე და მათ მიწოდეს ღვთის მოგმე. პირდაპირ დამიწერეს კომენტარებში, რომ შენ ხარ ღვთის მოგმე, იმის გამო, რომ შენ ასეთ რაღაცას ამბობ. არადა სინამდვილეში, რაც იქედან გამოვედი, 4 წელია, ცოტა მეტი, იმის მერე ვცდილობ, რომ ვინემსთვის ხმა მიმეწოდებინა", — განაცხადა მან ფორმულას ეთერში.

ის იხსენებს, რომ პანსიონის დატოვების შემდეგ ფსიქოლოგიური ტრავმა ჰქონდა, ახსნედებოდა ძალადობის ფაქტები, ამიტომ ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა.

"ხშირად ვხედავდი ზუსტად იმ ფაქტებს, რაც იქ გადავიტანე. ხშირად თვალწინ წარმომიდგებოდა ის ცემა, რა სცენასაც მე შევესწარი. ხშირად იმ ფაქტებს ვხედავდი, როცა ვიჯექი ბრინჯზე და პურის მარცვლებზე და მუხლებიდან სისხლი მომდიოდა", — აცხადებს ის.

ომბუდსმენი პანსიონში არსებულ პრობლემებზე წლებია საუბრობს. ის, რომ სავარაუდო ძალადობაზე ინფორმაცია ჰქონდა საპატრიარქოს და შესაბამის უწყებებს შსს-ს განცხადებითაც დასტურდება. კერძოდ, უწყება აცხადებს, რომ 2016 წლიდან დღემდე პანიონში განვითარებულ მოვლენებზე 5 საქმე აღიძრა, 4 ძალადობაზე და 1 სავარაუდო გაუპატიურებაზე.

1 საქმე მედიაში ბენეფიციარის მიერ ძალადობაზე ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ აღიძრა, თუმცა მანამდე მიმდინარე 4 გამოძიების შედეგი ჯერ დამდგარი არ არის. მიზეზად შსს მტკიცებულებების ნაკლებობას ასახელებს.

რაც შეეხება საპატრიარქოს პოზიციას, 4 მაისს, ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ილია მეორის მითითებით შეიქმნა კომისია, რომელიც ჩავიდა ნინოწმინდის პანსიონში სიტუაციის შესასწავლად. მისივე მტკიცებით, პირველები იქნებიან, ვინც ხმას ამოიღებენ, თუ ბავშვების მიმართ რაიმე დარღვევები იქნება.

გარდა ამისა, ჯაღმაიძე ამტკიცებს, რომ მოისმინა ყოფილი ბენეფიციარების განცხადებები და ისინი ან რეალობას არ შეესაბამება, ან "ყველაფერს აქვს ახსნა".

"საკმაოდ მძიმე იყო, თუმცა ყველაფერს აქვს ახნსა და ხშირ შემთხვევაში გამოჩნდება, რომ ეს რეალობას არ შეესაბამება. მე მინდა 2 სიტყვით გითხრათ იმ საქმების შესახებ, რომელზეც მოვისმინეთ, თითქოს იყო აქ მძიმე დანაშაულებებზე საუბარი. რეალურად, ეს საქმეები არ იხსნება, გაუხსნელი საქმეებია იმის გამო, რომ არ არსებობს დასაბუთება იმ ბრალდებებისა, რომელიც წამოყენებული იყო", — განაცხადა მან.

ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონზე მეუფე სპირიდონის ჩამოშორების საკითხი არ დგას, ის გაკვირვებულია ამ საკითხზე ჟურნალისების მიერ დასმული კითხვებით. მისი თქმით, აქამდე გავრცელებული ინფორმაციები დასაბუთებული არ არის, ამიტომ გამოძიებას უნდა დაელოდონ.

ამავე თემაზე: