შინაგან საქმეთა სამინისტროს მეუფე სპირიდონის მიმართ შემაკავებელი ორდერის გადაცემის მოთხოვნით მიმართეს. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ითხოვს, სპირიდონი დაუყოვნებლივ განაცალკევონ ბავშვებისგან.

ბავშვთა უფლებადამცველის, ანა აბაშიძის ინფორმაციით, ვიდეომასალები, რომელიც ნინოწმინდის პანსიონში მეუფე სპირიდონის მიერ ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ძალადობას ასახავას, უკვე მოსამართლეს გადასცეს.

"სპირიდონის მოქმედება და სახელმწიფოს უმოქმედობა არის ძალადობა ბავშვებზე. ასეთ ვიდეოებს ზრუნვის სააგენტო სასამართლოში იყენებს ძალადობის სამტკიცებლად ხოლმე . ამიტომ, პოლიციას მივაწოდეთ ინფორმაცია და მოვითხოვეთ სპირიდონის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა. უნდა განაცალკევონ ბავშვებისგან დაუყოვნებლივ!" — აცხადებს ის.

იმის დასამტკიცებლად, რომ ბავშვებს ნინოწმინდის პანსიონიდან წასვლა არ სურთ, სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა მათზე ფსიქოლოგიურად იძალადა, ვიდეოზე გადაიღო და გაავრცელა. სპირიდონის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ბავშვის ტირილი, ასევე, იდენტიფიცირებულია რამდენიმე მათგანი როგორც ვიზუალურად, ასევე, სახელითა და გვარით. ამ ყველაფერს ესწრებიან, სავარაუდოდ, სოციალური მუშაკები, რომლებსაც, ვიდეოს მიხედვით, ფაქტზე რეაგირება არ აქვთ.

კადრში ჩანს, რომ მეუფე სპირიდონი ტელეფონით უკავშირდება ერთ-ერთი ბავშვის მშობელს და ეკითხება, სურს თუ არა, რომ მისი შვილი სოციალურმა მუშაკებმა წაიყვანონ. ოთახში, სადაც ეს საუბარი მიმდინარეობს, შემოჰყავთ ბავშვი, რომელიც ტირის. სასულიერო პირი მას ეკითხება, სურს თუ არა დედის გარდა სადმე წასვლა და საუბრის გადაღებას ითხოვს, პარალელურად კი, სავარაუდოდ, მშობელს ესაუბრება.

"მოდი შვილო აქ, მოდი, ნუ გეშინია... გადაუღეთ მაგას, გადაუღეთ. გინდა შენ წასვლა? სხვაგან გინდა წასვლა დედის გარდა? დაელაპარაკეთ თქვენს შვილს, ტირის. ესენი აიძულებენ, გინდა თუ არა სხვა ადგილას გადაგიყვანთო", — ამბობს სპირიდონი.

მშობელი სატელეფონო საუბრისას აღნიშნავს, რომ არ სურს მისი შვილი პანსიონიდან გაიყვანონ, რის შემდეგაც მეუფე სპირიდონი სოცმუშაკებს მიმართავს და ეუბნება, რომ ისინი დანაშაულს სჩადიან.

მეორე ვიდეოში ერთდროულად რამდენიმე ბავშვი ჩანს, ამასთან, ეპისკოპოსი მათ სახელებს საჯაროდ ამბობს. ამჯერად სპირიდონი, სავარაუდოდ, ბებიას ესაუბრება და იმასაც ეკითხება:

"ე.ი., თქვენ არა ხართ თანახმა და წინააღმდეგი ხართ რომ ეს ბავშვები სოცმუშაკებმა წაიყვანონ. კარგით, დიდი მადლობა. მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ეს სოცმუშაკები ისე იქცევიან, გეგონება შვილებს აყაჩაღებენ მშობლებისგან და ნამდვილად ესეა".

ამის შემდეგ ის იცინის. ბებიის თანხმობის მერე კი ამბობს: "დიდი მადლობა, ე.ი., ჩვენ არ გავატანთ, იცოცხლეთ, ღმერთმა დაგლოცოთ".

უფლებადამცველი ანა არგანაშვილი On.ge-სთან ამბობს, რომ ამ ვიდეოში ბავშვებზე ფსიქოლოგიური ძალადობა და მათი ნების კონტროლი ჩანს. იგი აკრიტიკებს სოციალური მუშაკების ქცევას და მიაჩნია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა ვიდეოს დაბლოკვა უნდა მოითხოვოს.

მისივე თქმით, აღნიშნული ქმედებით მეუფე სპირიდონი ბავშვებს უპირისპირებს მშობლებს, რომლებიც შესაძლოა მოძალადეები იყვნენ და ეს ყველაფერი ხდება პერსონალური მონაცემებისა და ბავშვთა დაცვის ყველანაირი სტანდარტის დარღვევით.

აღნიშნულს სახელმწიფო ინსპექტორი გამოეხმაურა. მისი თქმით, განცხადებით, ბავშვთა სახლის ბენეფიციარების კონფიდენციალობის დაღვევამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვის ფსიქიკას.

ამავე თემაზე: