თამარ კორძაიaს შემდეგ, რესპუბლიკური პარტია ლევან ბერძანიშვილმაც დატოვა. ის მთავარ არხთან ამბობს, რომ თავისი გადაწყვეტილების შესახებ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეს უკვე მიმართა. ბერძენიშვილის თქმით, ის ფრაქციის შექმნის შესახებ პარტიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

თამარ კორძაიამ პარტიის დატოვებაზე გადაწყვეტილება ფეისბუქზე 4 ივნისს გამოაქვეყნა. ის რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, რომლის თანახმად პარტია "შარლ მიშელის სამუშაო ჯგუფში" ფრაქციაში გაერთიანდა. კორძაია პარლამენტში საქმიანობას როგორც უპარტიო და უფრაქციო პარლამენტის წევრი გააგრძელებს.

3 ივნისს პარლამენტში კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნა. მასში სტრატეგია აღმაშენებელი, რესპუბლიკური პარტია, გირჩი — მეტი თავისუფლება, გრიგოლ ვაშაძე და ტარიელ ნაკაიძე გაერთიანდნენ. ფრაქციას შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი ჰქვია.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ გუშინ აღნიშნა, რომ მის თანაპარტიელს, თამარ კორძაიას საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილება არ მიუღია.

პარლამენტში ეს უკვე მეორე ოპოზიციური ფრაქციაა. რამდენიმე კვირის წინ ლელო — პარტნიორობა საქართველოსთვის შეიქმნა, რომელსაც პარტია ლელოს გარდა,დამოუკიდებელი დეპუტატები — სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი შეუერთდნენ.