მეცნიერთა გუნდი ამტკიცებს, რომ მათ ექსპერიმენტული აბი შექმნეს, რომელსაც თქვენი კბილების გაძლიერება და მინანქრის აღდგენა შეუძლია.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრები კლინიკური კვლევისთვის ემზადებიან, რომლის ფარგლებშიც ზემოთაღნიშნული აბის დატესტვას გეგმავენ. უნივერსიტეტის პრეს რელიზის მიხედვით, ეს ინოვაციური საშუალება გარედან გენეტიკურად მოდიფიცირებული ცილის საშენი აგურებითაა დაფარული — მეცნიერების წარმოდგენით, ეს აგურები დაზიანებულ კბილს მიემაგრება და მასზე მინანქრის ახალ ფენას წარმოქმნის.

იმ შემთხვევაში, თუ ეს ტექნოლოგია იმუშავებს, მაშინ ის გახდება მკურნალობის პირველი მეთოდი, რომელიც რეალურად შეუწყობს ხელს მინანქრის ახალი ფენის წარმოქმნას და, სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ ფენის შენარჩუნებით, რაც პაციენტებს კბილებზე შერჩენიათ.

მკვლევრებმა ეს აბი უკვე გამოსცადეს როგორც ადამიანების, ღორებისა და ვირთხების კბილებზე, ასევე ცოცხალ ვირთხებზეც. პრეკლინიკური კვლევის დროს მათ აღმოაჩინეს, რომ ჩვეულებრივ, დღეში ერთი აბიც საკმარისია კბილის მინანქრის შენარჩუნებისთვის. დღეში ორი აბის მიღებამ კი, მკვლევრების ვარაუდით, შესაძლოა, რამდენიმე მიკრომეტრის სისქის ახალი მინანქრის წარმოქმნასაც კი შეუწყოს ხელი. თუმცა, ამ მოსაზრების სისწორეს თუ სიმცდარეს მხოლოდ მომავალი კლინიკური კვლევები გვიჩვენებს.

"თითოეული კვლევა მხოლოდ ორ კვირას გაგრძელდება და, ვფიქრობთ, რომ ეს შემოწმებები ერთად 3 თვეზე მეტ ხანს არ გასტანს",— ამბობს რელიზში ვაშინგტონის უნივერსიტეტის სტომატოლოგი, სამი დოგანი.

იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ აღნიშნული აბი, კბილის პასტა და გელი, რომელთა შექმნასაც გუნდი შემდეგ ეტაპზე გეგმავს — ისე იმუშავებენ, როგორც ზემოთაა აღწერილი, მაშინ ეს იქნება წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი კბილების მოვლისა და შენარჩუნების მიმართულებით.

კბილის მათეთრებელმა ნივთიერებებმა, რომლებიც იმისთვისაა შექმნილი, რომ კბილს უფრო ჯანმრთელი შესახედაობა მიანიჭოს, შესაძლოა უფრო მეტად დააზიანოს მინანქარი და გამოაჩინოს მის ქვემოთ არსებული დენტისის მოყვითალო ფენა. იმის შესაძლებლობა, რომ უბრალოდ აღვიდგინოთ ჯანსაღი მინანქარი, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენი კბილების ჯანრთელობას და, შესაძლოა, სრულიად შეცვალოს სტომატოლოგიის სფერო.