საქსტატის ინფორმაციით, მაისში წლიური ინფლაცია 7,7% იყო — ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში ფასების ზრდის მაქსიმალური მაჩვენებელია.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ მაისის თვის წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა ტრანსპორტის, კომუნალურებისა და სურსათს ჯგუფებში ფასების ზრდამ მოახდინა. დეტალური ინდექსების საშუალებით კი შესაძლებელია იმ კონკრეტული პროდუქტების ჩამონათვალი გავიგოთ, რომლებზეც ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა.

ასეთია იმ 10 პროდუქტისა და მომსახურების ჩამონათვალი, რომელიც მაისში წლიურად ყველაზე მეტად გაძვირდა:

  1. მზესუმზირის ზეთი — გაძვირდა 84,8%-ით;
  2. თერმომეტრი — გაძვირდა 60,6%-ით;
  3. ბენზინი — გაძვირდა 42,8%-ით;
  4. დიზელის საწვავი — გაძვირდა 40,1%-ით;
  5. ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი — გაძვირდა 38,6%-ით;
  6. მწვანე ლობიო — გაძვირდა 35,8%-ით;
  7. ქალის საზაფხულო ფეხსაცმელი — გაძვირდა 34,7%-ით;
  8. ქალის საშინაო ფეხსაცმელი — გაძვირდა 34%-ით;
  9. კაცის საშინაო ფეხსაცმელი — გაძვირდა 33,8%-ით;
  10. ქალის ზამთრის ფეხსაცმელი — გაძვირდა 32,6%-ით;

აღსანიშნავია, რომ მზესუმზირის ზეთზე ფასები ბოლო რამდენიმე თვეა საგრძნობლად გაიზარდა, რაც, როგორც ცნობილია, რუსეთსა და უკრაინაში მზესუმზირის დაბალ მოსავალს უკავშირდება. რაც შეეხება საწვავზე ფასების მატებას, ეს რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის ლარის გაცვლითი კურსის მერყეობითა და საწვავზე საერთაშორისო ფასების ცვლილებით არის გამოწვეული. მაისის დასაწყისში On.ge წერდა, რომ საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა.

შეგახსენებთ, რომ აპრილში ფასები წლიურად 7,2%-ით გაიზარდა. მაღალი ინფლაცია იყო მარტშიც, როდესაც ფასების ასევე 7,2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ინფლაციის დარეგულირების მიზნით, აპრილის მიწურულს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით, 9,5%-მდე გაზარდა, რის შედეგადაც 125 ათასამდე მომხმარებელს სესხის საპროცენტო განაკვეთი 1%-ით გაეზარდა. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.