როგორ შეიძლება სამყარო არაფრისგან შეიქმნას? ამ შეკითხვამ ისე დააბნია კაცობრიობა, რომ მოგვიწია გარკვეული მითებით გამოვსულიყავით და აგვეხსნა არსებობის მიზეზები.

ამ კითხვაზე პასუხები დაფუძნებულია მეტაფორებზე, რომლებიც ადამიანის ყოველდღიურობებიდან გამომდინარეობს. კვანტური მექანიკა კი ამ სიმარტივეს არ გვთავაზობს. "სამყაროს არ აინტერესებს ჩვენი საღი აზრი" - ამბობს ლორენს კრაუსი, რომლის წიგნის "A Universe From Nothing: Why There is Something Rather than Nothing"-ის გამო ერთ-ერთი ყველაზე მძვინვარე ინტელექტუალური ომი დაიწყო გასულ წელს.

რა არის დიდი იდეა?

არაფრის უმარტივესი ტიპი არის "უსასრულო ცარიელი სივრცე", - აცხადებს კრაუსი Big Think-თან. ამ ტიპის არაფერი, ბიბლიის ბნელი უსასრულო სიცარიელე, არ არის სავსე არც ერთი ნაწილაკითა თუ გამოსხივებით. ის უბრალოდ არაფერია. თუმცა, კვანტური მექანიკის კანონებისა და ფარდობითობის თეორიის გამო, კრაუსი ამბობს, რომ "ჩვენ ვიცით, რომ ცარიელი სივრცე ვირტუალური ნაწილაკების მადუღარაა, რომლებიც ყოველ წამს ჩნდებიან და ქრებიან".

კრაუსი ამბობს, რომ "ცარიელ სივრცეში მატერიისა" და "ცარიელ სივრცეში არაფრის" იდეა რეალურად "ერთი და იმავე რამის სხვადასხვა ვერსიაა". ჩვენ მოგვიწევს, გავიგოთ არაფრის უფრო ჩახლართული ვერსია, რადგან კვანტური მექანიკა იმის გარანტიას იძლევა, რომ თუ საკმარისად დიდხანს დაელოდები, არაფერი საბოლოოდ რაღაც გახდება.

მაგრამ ეს თუ მართალია, სივრცე საიდან შეიქმნა? კრაუსის თქმით, "როგორც კი მოარგებ კვანტური მექანიკის კანონებს გრავიტაციას, სივრცე თავისთავად ხდება კვანტურ-მექანიკური ცვლადი და მისი არსებობა და არარსებობა ფლუქტუირებს და შენ პირდაპირი გაგებით, კვანტური მექანიკის კანონების თანახმად, შეგიძლია შექმნა სამყაროები".

რას იტყვით ფიზიკის კანონებზე? ბუნების კანონებზე? ეს კანონები თავის მხრივ უკვე რაღაცაა. "ეს სულაც არაა აშკარა ან გასაგები ან აუცილებელი", - ამბობს კრაუსი. ფაქტობრივად, "ჩვენ ახლა უკვე გვაქვს კარგი მიზეზი იმის დაჯერებისა, რომ თვითონ ფიზიკის კანონებიც კი შემთხვევითია".

მაგალითად, სრულიად შესაძლებელია, რომ არსებობს სამყაროების უსასრულო რიცხვი და თითოეულ სამყაროში ფიზიკის კანონები განსხვავებულია. "კანონები მაშინ იბადება, როდესაც თვითონ სამყარო იბადება" - ამბობს კრაუსი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობამდელი ფუნდამენტური კანონი არ არსებობს. ნებისმიერი რამ, რისი მოხდენის შესაძლებლობაც არის, აუცილებლად მოხდება.

რა დაგვრჩა? არა ბუნების კანონები, არა სივრცე, არა დრო, არა ნაწილაკები, არა გამოსხივება. ეს კი არაფრის კარგი განმარტებაა.

კრაუსი აღიარებს, რომ როდესაც ის ლაპარაკობს "ვირტუალურ ნაწილაკებზე, რომლებიც ჩნდებიან და ქრებიან იმდენად მოკლე დროში, რომ მათი დაფიქსირება შეუძლებელია", ის შესაძლოა ფილოსოფოსივით ან მღვდელივით ჟღერდეს, რომელიც "ლაპარაკობს ანგელოზებზე".

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ვირტუალური ნაწილაკების დანახვა პირდაპირ არ შეგვიძლია, კრაუსი აღნიშნავს, რომ მათი ეფექტების გაზომვა შესაძლებელია არაპირდაპირ. და ეს არის უმთავრესი რამ თანამედროვე ფიზიკის გასაგებად. ბუნებაში არსებული ყველა ნაწილაკისთვის არსებობს ალბათობა, რომ ცარიელი სივრციდან ნაწილაკი-ანტინაწილაკის წყვილი სპონტანურად შეიქმნება და ისინი იარსებებენ ძალიან მცირე დროით, სანამ ისინი საბოლოოდ გაუჩინარდებიან.

"ის ფაქტი, რომ ჩვენ რეალურად შეგვიძლია გამოვითვალოთ ისინი, სულ ცოტა, ნობელის პრემიას იმსახურებს" - ამბობს კრაუსი. რატომ? თუ ვირტუალური ნაწილაკების ეფექტებსაც ჩავრთავთ, როგორც კრაუსმა განაცხადა, "ჩვენ პირველად პრინციპებზე დაყრდნობით შევძლებთ ცხრა ნიშნის სიზუსტით სწორად ვიწინასწარმეტყველოთ დაკვირვების შედეგები. არ არსებობს არც ერთი მეცნიერება, სადაც ამის გაკეთება შეგიძლია".

რა არის მნიშვნელობა?

ახლა უკვე უკეთ გვესმის, რა არის არაფერი, მაგრამ მაინც გვჭირდება კითხვაზე პასუხი, თუ რატომ უნდა შევიწუხოთ თავი დილით ლოგინიდან ადგომით? ამ ყველაფრის შემდეგ, კვანტური მექანიკა შესაძლოა ზოგისთვის დამამწუხრებელი იყოს. როგორც რიჩარდ დოკინსმა დაწერა A Universe From Nothing-ის შემდგომ სიტყვაში:

"თეოლოგის უკანასკნელი კოზირიც კი - "რატომ არსებობს რაღაც, როცა შეიძლება არაფერი არსებობდეს?"- შენს თვალწინ ნადგურდება, როცა ამ წიგნს კითხულობ. თუ დარვინის "სახეობათა წარმოშობის შესახებ" ბიოლოგიის მომაკვდინებელი იარაღი იყო ზებუნებრიობის წინააღმდეგ, შეიძლება ითქვას, რომ A Universe From Nothing მისი ეკვივალენტურია კოსმოლოგიიდან. სათაური ზუსტად იმას ნიშნავს, რასაც ის ამბობს და რასაც ის ამბობს, გამანადგურებელია".

ეს არ ნიშნავს, რომ კრაუსი პესიმისტურ მსოფლმხედველობას ახალისებს.

"დიახ, ჩვენ შეუმჩნეველები ვართ, - გვეუბნება კრაუსი, - მაგრამ ასევე საკმაოდ გამორჩეულები ვართ". კრაუსი ამას ხედავს, როგორც "სულიერად ამამაღლებელს", რომ ჩვენივე მომავლის განსაზღვრა ჩვენვე გვიწევს იმის საპირისპიროდ, რომ უბრალოდ დავაკმაყოფილოთ ჩვენი შემოქმედის მიზანი, როგორც მანეკენებმა.

"ეს ჩვენს მომავალს მნიშვნელობას აძლევს", - ამბობს ის.

იხილეთ ლორენს კრაუსის აზრი ჩვენს უმნიშვნელობაზე სამყაროში (ჩაურთეთ ქართული სუბტიტრები):