პარტია ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, თბილისის მერი უპარტიო, მეურნე ადამიანი უნდა იყოს, რომელსაც ოპოზიციური სპექტრი გვერდში დაუდგება.

"თბილისს ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს და საერთაშორისო მნიშვნელობის ქალაქად უნდა გადავაქციოთ უამრავი პარამეტრის მიხედვით. თბილისის თავი, ანუ მერი უნდა იყოს არცერთი პარტიის წარმომადგენელი, უნდა იყოს მეურნე ადამიანი, რომელსაც ოპოზიციური სპექტრი დაუდგება გვერდში იმ პროგრამის განხორციელებაში, რომელსაც ოპოზიციური სპექტრი შეიმუშავებს", — განაცხადა ხაზარაძემ TV პირველთან.

მისივე აზრით, დედაქალაქის მერი შეიძლება საზღვარგარეთ მცხოვრები წარმატებული ადამიანიც იყოს.

"ეს უნდა იყოს მეურნე ადამიანი, დიმიტრი გელოვანი, რატომაც არა და თუ მოვძებნით, ვიპოვით, ან ძალიან დიდი კორპორაციის ხელმძღვანელი, ან უცხოეთში ჩვენი რომელიმე წარმატებული ადამიანი, რომელსაც ვთხოვთ და ვეტყვით, რომ აი, იქ რომ გააკეთე წარმატება, ჩამოდი და ჩვენ დაგიდგებით. არ გვინდა, რომ შენ რომელიმე პარტიის მანდატი ჩაიდო, არა, მოდი გეგმა დავდოთ და ერთხელ პრეცენდენტი მოვახდინოთ და გავაკეთოთ საქმე ისე, როგორც არ ვაკეთებდით 30 წლის განმავლობაში", — თქვა ხაზარაძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში შემოდგომაზეა ჩანიშნული.