ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის უმდიდრესი ადამიანების ჩამონათვალში აღარ ირიცხება — სია 500 მილიარდერს მოიცავს, რომელშიც, ჯერ კიდევ გუშინ, ივანიშვილი 5,92 მილიარდ დოლარიანი ქონებით ბოლო პოზიციებს იკავებდა. ამ ეტაპისთვის ბოლო ადგილს პატ სტრაიკერი იკავებს, რომელიც 5,93 მილიარდ დოლარს ფლობს.

Forbes-ის რეიტინგის მიხედვით კი, ივანიშვილი 4,8 მილიარდი დოლარის მფლობელია და უმდიდრესი ადამიანების ჩამონათვალში 589-ე ადგილს იკავებს. ამ გამოცემის ცნობით, ივანიშვილი 2020 წელსაც 4,8 მილიარდ დოლარს ფლობდა, ხოლო 2019 წელს მისი ქონება 100 მილიონით მეტი, 4,9 მილიარდი დოლარი იყო.

მიმდინარე წლის დასაწყისში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მის საკუთრებაში არსებული ყველა ის აქტივი, რომელიც საკრედიტო და სხვა სახის ვალდებულებებით არ არის დატვირთული საქველმოქმედო ფონდ ქართუს გადაეცემოდა, ხოლო მისი და მისი ცოლის განკარგულებაში 200 მილიონი დოლარი რჩებოდა.