როგორც ჩანს, ფუნქციურად დამოუკიდებელი მკვლელი რობოტების ხანა, რომლებსაც სამიზნის ამოცნობა ადამიანების გარეშე შეუძლიათ, უკვე დაიწყო.

გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მოხსენების მიხედვით, პატარა თურქული კამიკაძე დრონი — სახელად STM Kargu-2 ჯარისკაცებს მაშინ დაესხა თავს, როდესაც ისინი ლიბიის სამოქალაქო კონფლიქტის დროს უკან იხევდნენ. მოხსენებაში გარკვევით არაა აღნიშნული, ჯარისკაცები დაიხოცნენ თუ არა. როგორც Axios იუწყება, ტექნოლოგიურ წინსვლას ახალ ეპოქამდე მივყავართ, რომელშიც ადამიანის მეთვალყურეობა ტექნიკურად აღარაა საჭირო ომის გასამწვავებლად და სიცოცხლეების მოსასპობად.

გაეროს მოხსენებაში Kargu-2 დრონი მოხსენიებულია, როგორც "უსაქმოდ მოხეტიალე სამხედრო მანქანა", რაც ნიშნავს, რომ რობოტი ამ ადგილებში ტრიალებდა იქამდე, სანამ შემთხვევით შესაძლო სამიზნე არ დააფიქსირა. ამ თვალსაზრისით, ავტომატური დრონი თითქმის საჰაერო ნაღმის როლს ასრულებდა, რომელიც ადამიანის მეთვალყურეობის გარეშე შეძლებდა სამიზნეზე თავდასხმას მაშინ, როდესაც იგი გარკვეულ მანძილზე მოუახლოვდებოდა ამ ადგილს.

"ლოჯისტიკურ ჯგუფს და ჰაფტარის გაერთიანებულ ძალებს თავს დაესხა უპილოტო საბრძოლო საჰაერო მოწყობილობა, ან მომაკვდინებელი ავტომატური შეიარაღების სისტემა, როგორიცაა STM Kargu-2... და სხვა მოხეტიალე საბრძოლო მანქანები. მომაკვდინებელი ავტომატური შეიარაღების სისტემები სამიზნეზე თავდასხმისთვის იყო დაპროგრამებული, ოპერატორსა და მოწყობილობას შორის მონაცემთა კავშირის მოთხოვნის გარეშე", — წერია გაეროს მოხსენებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევამ მთელ მსოფლიოში ექსპერტებისა და ეთიკოსების პროტესტი გამოიწვია, სრულად ავტომატური მკვლელი დრონების ეს ქმედება შემაშფოთებელია, თუმცა გასაკვირი სულაც არ არის. რამდენიმე ქვეყანაში, როგორებიცაა აშშ, რუსეთი, ჩინეთი და გაერთიანებული სამეფო, მკვლელ რობოტებზე უკვე არაერთი წელია მუშაობენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე